საქართველო რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენის პირობას უყენებს, ამის შესახებ ინფორმაციას rbc.ru აქვეყნებს.

მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო იმ რუსული ავიაკომპანიების ფრენებს დაუშვებს, რომლებიც დასავლეთის სანქციების ქვეშ არაა მოყოლილი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მისი თქმით, თბილისს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია, რადგან მოსკოვიდან შეტყობინება არ მიუღია.

„ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ არც ერთი ავიაკომპანია, რომელიც სანქციების ქვეშ მოექცა, არ იმუშავებს საქართველოში“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილიმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.

ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. ამის შესახებ განკარგულება რუსეთის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

„ამჟამად, გადამზიდავები ფრენების აღსადგენად ემზადებიან. რუსული ავიახაზები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ. ფრენები შიდა წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება", - განაცხადა პუტინმა.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.