მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე ისაუბრა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნა, ეს არის რუსული პროვოკაცია.
„დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება, რას ემსახურება ეს პროვოკაცია – შესაძლებელი არის, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, გუშინ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ.
ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას პარტიებს შორის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს დაძაბულობას არ გამოიწვევს, გამოიწვევს რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, როცა რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხარო არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.
მე ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე „ტვიტერზე“. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დრო არის იმის, რომ რასაც მოვითხოვ არაერთხელ, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლი არის სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია რაღაც ზომები იყოს მიღებული, რათა ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში. ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა, ყველას ვიღებთ, ეს უკვე გამოჩნდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება, მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რომ რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას. არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს რაღაც ზომები სხვადასხვა პროფესიებზე და არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას უნდა მოუსმინოს.
„ჩვენ არ გვჭირდება დღეს რუსეთისგან საჩუქრები, ვითომ რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რაც ისმის სანქციების გვერდის ავლის შესახებ. არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი. მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საკითხზე არის ერთიანი, ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება, შეეწინააღმდეგოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული უკრაინელი მეგობრებისადმი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამის ერთგულნი უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ, რომ თუ სხვანაირად მოხდა, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.