საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნაზე, Twitter-ზე ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ რუსეთის მხრიდან ეს მორიგი პროვოკაციაა.
„მორიგი რუსული პროვოკაცია!
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!,“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.
ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. ამის შესახებ განკარგულება რუსეთის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
„ამჟამად, გადამზიდავები ფრენების აღსადგენად ემზადებიან. რუსული ავიახაზები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ. ფრენები შიდა წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება", - განაცხადა პუტინმა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.