ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის - რუსეთის მიმართ გზავნილი მკაფიო და ერთგვაროვანი უნდა იყოს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე არ ახდენს.

„ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველა შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იყოს. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი.

ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ წლების მანძილზე პარტნიორების მიერ გაწეულ უდიდეს დახმარებას, მათი ძალისხმევით, სწავლებებით და თანამედროვე აღჭურვილობით ამაღლდა ჩვენი ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციასა და განვითარების გზაზე. სწორედ, იქ შევძელით, რომ მაგალითი საქართველოს ჯარის მზადყოფნის მიგვეცა, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს აქტიურმა მონაწილეობამ ჯარის მოდერნიზაციასა და განვითარების გზაზე დიდი როლი ითამაშა.

„ქართველებს კარგად გვესმის, რომ პარტნიორობა ორმხრივი გზაა და თქვენ ესეც დაამტკიცეთ. თავდაცვის ძალებს დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ, ამის არც თუ ისე შორი მაგალითი კოვიდ პანდემიაა, სადაც კარგად გამოჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების დიდი წვრილი, მზადყოფნა და პროფესიონალიზმი. კლიმატური ცვლილებები და მისგან გამოწვეული საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის ახალ აღჭურვილობას და მზადყოფნას მოითხოვს, საზოგადოების ყველა საჭიროებისა და უსაფრთხოების დასაცავად. კიბერუსაფრთხოება ახალი მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც ასევე უნდა გავუმკლავდეთ. მჯერა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ, იქნებით ყველგან და ყოველთვის იქ, სადაც დაგიძახებთ თქვენი მოვალეობა და ამ ქვეყნის სამსახური. ამისთვის, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი საზოგადოების მადლიერება. გილოცავთ ფიცის დადებას, ამ ფიცის ერთგულნი იყავით მუდამ, ამ ფიცის და თქვენი სამშობლოს ღირსნი იყავით მუდამ, ამაყად ატარეთ ჩვენი ქვეყნის დროშა. თქვენ საქართველოს ჯარისკაცებო გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, თქვენ ემსახურებით საქართველოს და ამაზე დიდი საპატიო და საამაყო სამსახური არ არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.