საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის მიერ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური მოსკოვის გადასაწყვეტია და ამაზე ქართულ მხარეს ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა.

„ამ სანქციების დაწესებაც და მოხსნაც მხოლოდ რუსეთის საკითხია და ამაზე ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა. საქართველომ ორი რამ განაცხადა მკაფიოდ და ჩვენ ამ ორ განაცხადს კეთილსინდისიერად მივყვებით. პირველია ის, რომ საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა სანქციებს გვერდი აუაროს. ამ დანაპირებს საქართველო პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. მეორე განაცხადია, რომ საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს, გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან, რათა არ მოხდეს ურთიერთობების ესკალაცია, ვინაიდან საქართველო კვლავ არის რუსეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის გაზრდილი რისკის ქვეშ“, - აცხადებს პაპუაშვილი.