რეკორდული სამხედრო ხარჯების ფონზე, რუსეთმა, ბიუჯეტის შესავსებად, ბოლო თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ფიზიკური ოქროს მარაგების ყველაზე დიდი მოცულობა გაასხვისა - მიმდინარე წლის იანვარში 300 ათასი, ხოლო თებერვალში 200 ათასი უნცია ოქრო გაყიდა. ამ ინფორმაციას გამოცემა „მოსკოვ თაიმსი“ ქვეყნის ცენტრალური ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამის გამო, რუსეთის ოქროს რეზერვები, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა, 74,3 მილიონ უნციამდე შემცირდა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს წარმოადგენს.

ბოლო ორ თვეში რეალიზებული დაახლოებით 15 ტონა ოქრო ყველაზე მასშტაბური გასხვისებაა 2002 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეზერვებიდან 58 ტონა გაყიდა.

ამ ზომის მიღება მზარდმა საბიუჯეტო დეფიციტმა განაპირობა, რადგან სამხედრო ხარჯებმა, საბჭოთა ეპოქის შემდეგ, პიკს მიაღწია.

„მოსკოვ თაიმსის“ ინფორმაციით, 2022-2025 წლების პერიოდში, რუსეთის დეფიციტმა, ჯამში, 15 ტრილიონ რუბლს (თითქმის 160 მილიარდ ევროს) გადააჭარბა, რასაც მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში კიდევ 3,5 ტრილიონი რუბლი (37 მილიარდი ევრო) დაემატა.

ბიუჯეტის შესავსებად, რუსეთი ოქროს 2022 წლიდან ყიდდა, თუმცა ეს ტრანზაქციები ვირტუალური იყო და არა ფიზიკური. ოქრო არა ბაზარზე, არამედ ცენტრალურ ბანკზე იყიდებოდა, რაც, დე-ფაქტო, „ერთი ჯიბიდან მეორეში“ მის გადატანას ნიშნავდა და მოსკოვის კონტროლის ქვეშ რჩებოდა.

ბანკირ ილია სუშკოვის გათვლებით, იანვარში რუსეთის მიერ ოქროს გაყიდვით, რაც ქვეყნის ოქროს მარაგის 0,4%-ს შეადგენს, შესაძლოა, ბიუჯეტში დაახლოებით 120 მილიარდი რუბლი (1,28 მილიარდი ევრო) შევიდეს, რაც წლიური საბიუჯეტო დეფიციტის 3%-ს დაფარავს.

წყარო: 1 არხი