რა შეიძლება გამოივაჭროს რუსეთმა ირანში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-გან უკრაინის საკითხში, როგორ შეიძლება აისახოს ეს გამოვაჭრება“ სამხეთ კავკასიასა და საქართველოზე, - ამ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.
- ბატონო ნიკოლოზ, 1 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ირანთან ომისა და ნატოს პერსპექტივასთან დაკავშირებით ისეთი მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, რომ საუბარი სწორედ ამ თემით უნდა დავიწყოთ.
კარგა ხანია ტრამპი გვაკვირვებს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით. ვიდრე ტრამპი 1 აპრილს განაცხადებდა, რომ აშშ ასრულებს სამხედრო ოპერაციას ირანში იმის გამო რომ აშშ-მ ირანში „დასახულ მიზნებს მიაღწიაო“.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ახლა იმათ უნდა იზრუნონ, ვინც ამ სრუტის მუშაობით დაინტერესებულიაო. ტრამპმა ასევე თქვა რომ აშშ ნატოდან იმის გამო უნდა გამოვიდეს, რომ „ევროპელებმა მოგვატყუესეო“. არადა, როცა აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას იწყებდა, ტრამპს ევროპელებისთვის არაფერი შეუთახმებია. ომმა კი ირანის მიერ ჰორმუზის სრულის ბლოკირების გამო მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მძიმე დღეში ჩააგდო.
ტრამპის ეს განცხადებები იმაზე მეტყველებს რომ სწორი აღმოჩნდა იმათი მტკიცება რომ „ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ომში სტრატეგიული უპირატესობა ირანის მხარესააო“.
თქვენ როგორც გამოცდილი დიპლომატი, როგორ შეაფასებდით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 1 აპრილს გაკეთებულ განცხადებებს?
- როგორც მას საერთოდ სჩვევია, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გარშემო ტრამპმა უკვე უამრავი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა როგორც ამ ოპერაციის დაწყებამდე, ასევე მისი მსვლელობისას. როცა თქვენ მთხოვთ შევაფასო მის მიერ 1 აპრილს გაკეთებული განცხადებები, მე ცოტა რთულ მდგომარეობაში ვარ, რადგან შემდგომში მან შეიძლება სხვა განცხადებებიც გააკეთოს, რომლებიც 1 აპრილს თქმულისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.
ამდენად, როცა საქმე ტრამპს ეხება, ხშირად ჩნდება კითხვა - არის კი მნიშვნელოვანი მისი მორიგი მესიჯების სერიოზული კომენტირება როცა ახლო მომავალში ისინი შეიძლემა მკვეთრად შეიცვალოს?
საქმე რთულ რეალობასთან გვაქვს - ერთი მხრივ, სახეზეა ტრამპის სპეციფიური პიროვნება, რომელიც თავის განცხადებებს დიდი პასუხისმგებლობით არ უდგება და, ამავე დროს, ეს განცხადებები კეთდება მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პირობებში და, შესაბამისად, პიარ ომისა და ტაქტიკური მანევრირების ხასიათს ატარებს და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის არ იმყოფება კორელაციაში რეალობასთან.
ამიტომ, მოდით აქცენტი უფრო სიტუაციის შეფასებაზე გადავიტანოთ და იქიდან გამომდინარე შევეცადოთ დავინახოთ თუ რა დგას დონალდ ტრამპის განცხადებების უკან. შექმნილი სიტუაციის ერთერთი უმთავრესი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის რეალობამ მნიშვნელოვნად გადაუხვია იმ მოლოდინებისგან და გეგმებისგან, რაც ომის დაწყებამდე აშშ-სა და, შესაძლოა, ისრაელს ჰქონდათ.
ამას ნათლად ადასტურებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ვენსის საგანგებო ვიზიტი ისრაელში და, გამოსული ინფორმაციის თანახმად, მისი მწვავე საუბარი ისრაელის პრემიერთან. როგორც ირკვევა, აშშ-ს მხარე საყვედურობს ისრაელს, რომ მან ვაშინგტონს დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშირებით არასწორი მოლოდინები შეუქმნა. კიდევ ერთი დასტურია ის, რომ პენტაგონის შეფმა, პიტ ჰეგსეტმა, შუა ომში არმიის შტაბის უფროსი, გენერალი რენდი ჯორჯი გადააყენა თანამდებობიდან.
ვფიქრობ, აშშ-ს ხელმძღვანელობამ ტიპიური ამერიკული შეცდომა დაუშვა. მათ უყვართ მზა სქემებით და მოდელებით აზროვნება. ვენესუელაში წარმატებით განხორციელებული მოდელი მათ პირდაპირ ირანის შემთხვევაზე გადმოიტანეს. ჩათვალეს, რომ სამხედრო ჩარევის და ხელმძღვანელობის ზედა შრის ჩამოთლის შემდეგ ისინი შეძლებდენ ახალ ლიდერებთან გარიგებას მათი მართვად მდგომარეობაში გადაყვანას.
სამწუხაროდ, ირანული შემთხვევა გაცილებით უფრო რთული და მძიმე გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ და ისრაელმა უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ირანს, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ვერ მოხერხდა რეჟიმის ვერც შეცვლა და ვერც დამორჩილება, ბირთვული პროგრამა ბოლომდე განადგურებული არ არის. უფრო მეტიც, გაჩნდა ახალი პრობლემა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის სახით.
აშშ-ს ხელმძღვანელობა რთულ მდგომარეობაშია. მათ, ცხადია, ძალიან უნდათ ეს ომი რაც შეიძლება მალე დაასრულონ, რადგან ძალიან ძვირი უჯდებათ, არა მხოლოდ ფინანსურად და მატერიალურად, არამედ პირველ რიგში პოლიტიკურად.
აშშ-ს მოსახლეობაში ამ ომს დიდი მხარდაჭერა არ აქვს და მისი უკმაყოფილება სწრაგად იზრდება. ბევრი გამოთქვამს შიშს, რომ ტრამპმა შეიძლება ეს ომი ამ გაურკვეველ მდგომარეობაში მიატოვოს, გამოაცხადოს გამარჯვება და პრობლემები სხვების კისერზე შეაგდოს. მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ძნელია. აქ უკვე ჩათრეულია ირანის გარშემო მდებარე აშშ-ს პარტნიორი არაბული სახელმწიფოები, სადაც ვაშინგტონს სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული. ირანი დიდი ალბათობით მათ მიმართ სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს.
ამ ვითარებაში აშშ-ს კონტროლის მექანიზმებს ახლო აღმოსავლეთში სერიოზული საფრთხე ემუქრება. გაურკვეველი დარჩა, ასევე, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი. მართალია, ევროპისა და სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, აშშ-ს ნავთობპროდუქტებით მომარაგება არ არის ძლიერ დამოკიდებული ჰორმუზის სრუტიდან მომდინარე ნაკადზე, მაგრამ ამ ნაკადის გაჭედვა გამოიწვევს ზოგადად და, მათ შორის, თავად აშშ-ში ნავთობპროდუქტებაე ფასების ზრდას, რაც უმძიმეს პოლიტიკურ პრობლემებს შეუქმნის ტრამპის ადმინისტრაციას და პესპუბლიკურ პარტიას.
საერთოდ, ირანის კამპანიის “ჩაფლავება” დომინოს ეფექტით გამოიწვევს აშშ-ს ავტორიტეტის და პოზიციების მნიშვნელოვან შესუსტებას მსოფლიო მასშტაბით. ასე რომ, დიიდ ალბათობით, აშშ-ს მოუწევს ომის გაგრძელება სახმელეთო კომპონენტების შესაძლო ჩართულობით, რაზეც მეტყველებს ის, რომ ტრამპის განცხადებების პარალელურად საომარი ზონისკენ აშშ-ს მორიგი დიდი სამხედრო დაჯგუფება მიემართება.
რაც შეეხება ევროპისა და ნატო-ს ევროპელი პატნიორების მიმართ გაჟღერებულ საყვედურს, ის, ცხადია, უსამართლოა. აშშ-ს ეს ოპერაცია პარტნიორებთან არ შეუთანხმებია და, ბუნებრივია, ისინი სხვის მიერ დაწყებულ ომში არ ჩაერთვებიან, მითუმეტეს, როცა ასეთ არაპროგნოზირებად პარტნიორთან აქვთ საქმე.