პირველმა „სურსათის ბანკმა“ თბილისში, ისანში  ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ამის შესახებ “სურსათის ბანკის” პროექტის ინიციატორი „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სურსათის ბანკი” იმას გულისხმობს, რომ ჭარბი, უვნებელი სურსათი არ გადაიყრება, შეგროვდება და შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდება. მარუაშვილის განმარტებით, “სურსათის ბანკში” დაბალი რისკის კატეგორიის სურსათის განთავსება ხდება.

“საქველმოქმედო ორგანიზაცია “ენკენიამ” , რომელიც წლებია, საქართველოში მოღვაწეობს, ახლა ავტორიზაცია გაიარა და სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციად დარეგისტრირდა. შესაბამისად, მათ აქვთ სრული ავტორიზაცია იმისთვის, რომ სურსათი მიიღონ და დონაციაში გასცენ. ვიდრე საპოლოტე პროექტი [“სურსათის ბანკი” წყალტუბოში] სრულყოფილად ჩაეშვება, მათ გარკვეული საპოლოტე აქტივობები უკვე დაიწყეს, იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილება მიღებული ჰქონდათ. სურსათი აქვთ, ამ სურსათის გაცემა დაწყებულია. სურსათი სხვადასხვა წყაროდანაა მიღებული. მათ აქვთ არაჩვეულებრივი კამპანია, რომელიც ჭარბი სურსათის მოწოდებას არ მხოლოდ რითეილ სექტორიდან გულისხმობს. მათ აქვთ საინტერესო ინიციატივა, რომელიც ბრიტანული მოდელია და ასე ვთქვათ, ძალიან კარგად გაქართულდა: უახლოეს პერიოდში საცალო ვაჭრობის ერთერთ ქსელში სპეციალური ყუთები გაჩნდება, წარწერით “სურსათის ბანკი”, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, პროდუქტი შეიძინოს და დახლთან, სალაროსთან არსებულ ყუთში განათავსოს, რაც გულისხმობს იმას, რომ ვადიანი, დახლიდან მოხსნილი სურსათი “სურსათის ბანკში” წავა და ბენეფიციარებს გადაუნაწილდებათ.

პარალელურად საცალო ვაჭრობის ქსელების მხრიდან ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ანუ, ავტორიზაცია ორივე მხარემ უნდა გაიაროს, როგორც სურსათის გამცემმა, ასევე მიმღებმა. ახლა ვიცით, რომ ორი უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ცენტრი ავტორიზაციას გადის. პროცესი დაძრულია. “სურსათის ბანკი – ენკენია” თბილისში , ისანში სრულფასოვნად ფუნქციონირებს. ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. როდესაც დაიწყო საპილოტე პროცესი და მედიასთან ვსაუბრობდით, რომ ევროკვაშირის დაფინანსებით ეს ინიციატივა [“სურსათის ბანკის”] მიმდინარეობს, მათ ამის შესახებ შეიტყვეს და აბსოლუტურად დამოუკიდებლად, ყველანაირი დონორის გარეშე პროექტი დაიწყეს. ამ პროცესში ბიზნესსექტორიც ჩაერთო. მაგალითად, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “შირაქი”, რომელმაც მზაობა გამოხატა , საინიციატივო ჯგუფს დახმარებოდა. ესაა სახალხო, ეროვნული, ქართული ინიციატივა, როდესაც ბიზნესი და საქველმოქმედო ორგანიზაცია გაერთიანდნენ, ყველანაირი პროცედურა გაიარეს, სასაწყობე სივრცე მოაწყვეს იმდაგვარად , რომ დაეკმაყოფილებინათ მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია “ჰასპის” სტანდარტთან და სხვასთან. დღეს ისინი შეჭირვებულ მოსახლეობაზე სურსათს ანაწილებენ. პარალელურად თბილისსა და წყალტუბოში საპილოტე პროექტის დღე დღეზე ამუშავებას ველდოებით. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი რითეილ სექტორის მიერ ჭარბი სურსათის მიწოდებას ელოდებიან, საჭირო იყო მათ ავტორიზაცია გაევლოთ, ეს პროცესი, ფაქტობრივად, დასარულისკენ მიდის” – განაცხადა მარუაშვილმა.

მისი თქმით, ორგანიზაციას ბენეფიციარების საკმაოდ დიდი სია აქვს.

“რაც შეეხებათ ბენეფიციარებს – შესაძლოა, საჭიროება ბევრ ადამიანს ჰქონდეს და ერთი ორგანიზაცია ამ მოთხოვნას ვერ გაუმკლავდება. მათ ჰყავთ ბენეფიციარები, რომლებსაც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ , ხან ტანისამოსით, ხან სხვადასხვა საჭიროებით. ეს ჯერ ლოკალიზებულია იმ ბენეფიციარებზე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი, სოციალურად დაუცველები, მარტოხელა მოხუცები არიან და ა.შ. ბენეფიციარების საკმაოდ დიდი სია აქვთ, რომელთა დაკმაყოფილებასაც ცდილობენ. ვფიქრობთ, მას შემედეგ რაც რითეილ სექტორი უფრო აქტიურად ჩაერთვება, მასშტაბების გაზრდა აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება, საზოგადოების ცნობიერებაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, შემდეგ ჰორეკა სექტორიც ჩაერთვება იმ ნორმების, რეგულაციების გათვალისწინებით, რაც დაბალი რისკის კატეგორიის სურსათის დონაციასთანაა დაკავშირებული. ჩვენი ინფორმაციით, წყალტუბოს შემთხვევაში პროექტი დაახლოებით 1000 ბენეფიციარზეა გათვლილი. თბილისში, ბუნებრივია, მხოლოდ “ენკენია” ვერ გაწვდება სრულად, მაგრამ ეს საქმიანობა მზარდია, დამოკიდებული იქნება საზოგადების ცნობიერებაზე, ნებაზე. გამოცხადდება რომელ საცალო ქსელში იქნება “სურსათის ბანკის” ყუთები განთავსებული” – განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.

წყარო: kvira.ge