Galt & Taggart-ი მიმდინარე წელს 7.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

როგორც მან საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვისას აღნიშნა, მეორე კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩანს, რომ მოხმარება ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელად რჩება. მისივე თქმით, დადებითია ასევე წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაც.

"III კვარტალში ჩვენი მოლოდინი არის, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 6.5% საშუალოდ, და მეოთხე კვარტალში იქნება 6.8%, ანუ ოდნავ მაღალი. ეს გამომდინარე იქიდან, რომ საბაზო ეფექტი იმოქმედებს უკვე მეოთხე კვარტალში, რადგან გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ვხედავდით ეკონომიკური აქტივობის როგორი შენელება იყო. რაც შეეხება, რა განაპირობებს ამ ეკონომიკურ ზრდას - II კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ ვხედავთ, რომ მოხმარება ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებლად ისევ რჩება. I კვარტალში რომ მაღალი ზრდა იყო ინვესტიციებში და ეს საბაზისო ეფექტით იხსნებოდა, II კვარტალში დამინუსდა და 7.3%-ით თუ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, ინვესტიციების უარყოფითი კონტრიბუცია იყო 0.2 პროცენტული პუნქტი. წმინდა ექსპორტი გახდა დადებითი და ეს განაპირობა იმან, რომ საქონლისა და მომსახურების ექსპორტი უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე საქონლისა და მომსახურების იმპორტი და დაახლოებით რეალური ზრდის ტემპი იყო 9%-ზე მეტი ექსპორტში და 3%-ზე ოდნავ მეტი იმპორტში. შესაბამისად წმინდა ექსპორტის კონტრიბუცია გამოვიდა დადებითი. 7.3%-იან ზრდაში 2.6 პროცენტული პუნქტი მოდიოდა წმინდა ექსპორტზე და დანარჩენი დადებითი კონტრიბუცია (4.3 პროცენტული პუნქტი) მოდიოდა მოხმარებაზე.

სექტორების მიხედვით, ისევ ის სურათი არის, რაც პირველ კვარტალში. წამყვანი არის IT მიმართულება, ინფორმაცია და კომუნიკაციების დარგი. შემდეგ მოყვება ვაჭრობის დარგი, ტურიზმთან დაკავშირებული დარგები, საფინანსო სექტორი და ასე შემდეგ. უარყოფითი ზრდის ტემპი ფიქსირდება სოფლის მეურნეობასა და მშენებლობის დარგში. თუმცა, წლიურ ჭრილში, ჩვენ ველოდებით, რომ როგორც შარშან იყო დარგების კონტრიბუცია, დიდი ცვლილება არ გვექნება. მოკლედ, წელს ჩვენი პროგნოზი არის 7.5% და ვფიქრობთ, რომ რეალისტური არის ეს. მომავალი წლისთვის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება 6%", - თქვა ლაშა ქავთარაძემ.

მისი განცხადებით, პანდემიის შემდგომ, განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოტენციური დონე გაიზარდა და თუ პანდემიამდე 4.5-5%-ის ფარგლებში იყო, უკვე 5.5-6%-ის ფარგლებშია. ეკონომისტის თანახმად, მაღალი ინვესტიციებია საჭირო იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდეს.

"საშუალოვადიან პერიოდში, აქეთკენ იქნება ტრაექტორია გასწორებული, რომ წავიდეს პოტენციური დონისკენ. მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები და კიდევ უფრო გავზარდოთ, ამისათვის ინვესტიციების დონე უნდა გავზარდოთ. მთლიან შიდა პროდუქტში ინვესტიციების დონე 2022-23 წლებში, პანდემიის შემდგომ გაიზარდა, თუმცა მაინც ჩამორჩებოდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს. 2024 წელს კი უკვე ამ შემცირებული დონიდან კიდევ უფრო ქვემოთ წამოვიდა. წელსაც იგივე დონეზე დაფიქსირდება სავარაუდოდ, რაც გასულ წელს იყო, ეს არის 23% მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ და თუ გვინდა, რომ გავიზარდოთ მაგალითად, საშუალოდ 7%-ით მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, საჭირო არის ინვესტიციების დონე დაუახლოვდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს.აქ არის როგორც კერძო სექტორი, ისე მთავრობის. კერძო სექტორი ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია ინარჩუნებს მაღალ დონეს, ეს არის 8-9%-ის ფარგლებში და ვფიქრობთ, რომ საჭირო არის მთავრობამ შეინარჩუნოს საშუალოვადიან პერიოდში მაღალი დონე, დაახლოებით 8%-თან ახლოს და ასე ვთქვათ, კერძო სექტორის ინვესტიციები დაჩქარდეს.

რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დაფინანსების წყაროები, ხომ?! აუცილებლად, ჯერ უნდა მოვიძიოთ შიდა დაფინანსება, ანუ ეს არის ეროვნული დანაზოგები. ეროვნული დანაზოგების დონე კვლავ დაბალია, მიუხედავად ბოლოდროინდელი რეფორმებისა, თუნდაც საპენსიო რეფორმა იყოს, მოგების გადასახადის რეფორმა. ეს ხელს უწყობს დაფინანსების წყაროების კიდევ უფრო გაზრდას, თუმცა მაინც დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ამისათვის ჩვენ მაინც დაგვჭირდება გრძელვადიანი პერიოდისთვის საგარეო დაფინანსების მოზიდვა, როგორც მთავრობის დონეზე, ისე კერძო სექტორის დონეზე და ამიტომაც, ამ კუთხით იქნება უფრო მეტი სამუშაო, რომ ინვესტიციების დასაფინანსებლად, იყოს საგარეო დანაზოგების მაღალი დონე ასევე შენარჩუნებული საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში",- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.6% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.


bm.ge