„გრძელვადიანი გაუარესებული საინვესტიციო კლიმატის პირველი ნიშნები ჩანს“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა გადასახადების ზრდა/შემცირებაზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, იანვარ-თებერვალში გადასახადების ნაწილი კვლავაც კლებას აჩვენებს, მაგალითად ასეთია ქონების (35%), აქციზისა (22%) და იმპორტის (7%) გადასახადი. ამავე პერიოდში 5.4%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა დღგ-ს ნაწილში. ამასთანავე, საშემოსავლო გადასახადის შემთხვევაში ზრდა 15%-ს, მოგების გადასახადის ნაწილში კი 12%-ს შეადგენდა.
აღნიშნულ მაჩვენებლებში ექსპერტთა ნაწილმა ეკონომიკური კრიზისის პირველი ნიშნები დაინახეს. მიუხედავად იმისა, რომ იანვარ-თებერვალში გადასახადების ნაწილში ზრდა ფიქსირდება, ხიშტოვანის აზრით, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მიზეზებზე, რამაც ეს ზრდა განაპირობა.
ასე მაგალითად - მიზეზებზე საუბრისას ხიშტოვანი განიხილავს მოგების გადასახადის ზრდას. მისი თქმით, ამ ტიპის გადასახადი შესაძლოა, გაზრდილია კომპანიების მოგების გამო, ან იმით, რომ კონკრეტულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა საანგარიშო პერიოდში საკუთარი კომპანიებიდან თანხები გაიტანეს. თუ ეს უკანასკნელი მიზეზი გამართლდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ეკონომიკის მიმართ ნდობა მცირდება.
„მოგების გადასახადიც არის გაზრდილი, მაგრამ ამას შეიძლება ჰქონდეს ორნაირი ახსნა, ერთი - კომპანიები შეიძლება მოგებას ნახულობენ, მეორე - ჩვენი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თანხის შებრუნების შემთხვევაში არ იხდი გადასახადს, მაგრამ თუ გაგაქვს თანხა, მაშინ იხდი. საინტერესოა, რა არის ფაქტორი მოგების გადასახადის ზრდის, ის რომ, მეტმა კომპანიამ გაიტანა კომპანიიდან თანხები და ამის საფუძველზე მივიღოთ ზრდა მოგების გადასახადის ნაწილში, თუ იმის საფუძველზე, რომ უბრალოდ მეტი მოგებიდან გამომდინარე მეტი გადასახადის გადახდა ხდება. ეს [თუ კომპანიებიდან თანხები გააქვთ] შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ ნდომა ქართული ეკონომიკის მიმართ მცირდება. ამის საინტერესო მაჩვენებელი გვაქვს FDI-ში, სადაც 80% პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არის რეინვესტირებული თანხა, რომელიც მესაკუთრემ დატოვა კომპანიაში“, - აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი.
მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეკონომიკური კრიზისი ამ ეტაპზე სახეზე არ არის, თუმცა არსებობს სექტორები (ტურიზმი), სადაც პოლიტიკური კრიზისის ეფექტი მყისიერი იყო და ამასთანავე არის სექტორები (მშენებლობა, უძრავი ქონება), სადაც „გრძელვადიანი გაუარესებული საინვესტიციო კლიმატის პირველი ნიშნები ჩანს“.