"რატომ უნდა გავიტანოთ პროდუქტი ექსპორტზე, როცა ჯერ ქვეყნის ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ, უნდა დადო პროდუქტი, რომელიც ფასით, ხარისხით იქნება საინტერესო",- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, "მარგებელი ჰოლდინგის", "ნაბეღლავისა" და " ბახმაროს" დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა , "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "შენობით ბიზნესთან" განაცხადა.
მისივე თქმით, აგროსექტორში აუცილებელია განათლების კომპონენტის წინ წამოწევა. აღნიშნულის მაგალითად მან შვეიცარიის მოდელი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, თუ არ გაქვს პროფესიული სასწავლებელი დამთავრებული, სახელმწიფო კრედიტს ვერ მიიღებ. "გამიხარდება, თუ ისეთ ახალგაზრდებთან წავა სუბსიდირება, რომელთაც რაღაც ცოდნა მიიღეს. ამ დარგის განვითარების ერთადერთი სწორი მიდგომა ესაა",- განაცხადა სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა.
სვიმონიშვილი პროტექციონიზმის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართველი ფერმერის შრომა წყალში არ უნდა ჩაიყაროს, არ აქვს მნიშვნელობა ამას თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ წასვლა დაერქმევა თუ არა.
"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:
განათლების იმპლემენტირება აგროსექტორში - მინდა, რომ ამ თემით დავიწყოთ ჩვენი საუბარი…
როცა შევისწავლე სხვა ქვეყნის გამოცდილება, როგორიცაა, შვეიცარია, ჰოლანდია, გერმანია, ახალი ზელანდია, დავფიქრდი, რა სარგებელი შეიძლება მოუტანო ერთი ჰექტრიდან შენ თავს, ოჯახს, შენს ქვეყანას ა.შ. კარგად რომ დავფიქრდეთ, მსხვილფეხა ცხოველმა, ძროხამ გადაარჩინა ეს ქვეყანა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვიღაცას ოპერაცია დასჭირდებოდა, ძროხას ყიდდა, ჩვენი ოჯახები, ძალიან ბევრი გადაარჩინა საქონელმა.დავფიქრდი, რა როლი შეიძლება ჰქონდეს მესაქონლეობას ნებისმიერი ადამიანის ოჯახის წინსვლაში, თუ შეიძლება რომ ორჯერ მეტი მიიღო, ამით ოჯახიც მდიდრდება და სახელმწიფოც. დეტალურად შევისწავლე შვეიცარიაში ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ შვეიცარია მხოლოდ ბანკებით და შოკოლადებით არ არის ცნობილი, მესაქონლეობაშიც ძალიან ძლიერები არიან. 15 წლის წინ ვიყავი შვეიცარიის ერთ- ერთ ძველ პროფესიულ მეცხოველეობის სკოლაში, იქ ვიცხოვრე ცოტა ხანი და გადავწყვიტე, რომ ერთ დღეს ჩემს ქვეყანასაც უნდა გავუკეთო ანალოგიური სკოლა.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში, ერთ- ერთი თანამედროვე სკოლის აშენება მოვახერხეთ. ვცდილობთ, რომ განათლება შემოვიტანოთ. ამის გარდა არაფერი არ არის წარმატების რეცეპტი. დავიპარტნიორეთ შვეიცარიული სკოლა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია შვეიცარიაში და ერთობლივად შევიმუშავეთ სასწავლო გეგმები. ჩვენი მოსწავლეებიც ხშირად დაგვყავს შვეიცარიაში და გვინდა, რომ მომავალ ათ წელიწადში 200-მდე ძლიერი ახალგაზრდა გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას. გვაქვს ორი მიმართულება - ფერმერული და რძის გადამუშავებისა და ყველის წარმოების მიმართულება, შეიძლება დავამატოთ ვეტერინარული მიმართულებაც. მე არ ვერიდები კრიტიკას, მთავარია, რომ დავიწყე.
ეს დარგი, ვგულისხმობ აგროსექტორის მიმართულებას, რა პრობლემების წინაშე დგას, რა არის მთავარი გამოწვევები?
დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ. შემოდის დაახლოებით 6000 ტონა რძის ფხვნილი. გვაქვს ასიათასობით ჰექტარი საძოვრები, მთიანი ქვეყანა ვართ და მთაში ვერ მოვიყვანთ ყველა კულტურას, იქ აუცილებლად მეცხოველეობა უნდა განვავითაროთ. რატომ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე, როცა ჯერ ქვეყნის ბაზარს ვერ ვაკმაყოფილებთ. შეიძლება არაპოპულარული რამეს ვამბობ, მაგრამ ჩვენ თუ დავდეთ ხარისხი, თვითონ მოგვაკითხავს ევროკავშირიც, ამერიკაც, იაპონიაც. კარგი მაგალითია თხილი, სჭირდებათ, მოგვყავს შესაბამისი ხარისხის თხილი და გადის ყველგან. უნდა დადო პროდუქტი, რომელიც ფასით, ხარისხით იქნება საინტერესო. ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს და ფერმერმა უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის პროდუქტს თუ ექსპორტზე გაიტანს, მაგრამ ჯერ აქამდე უნდა მივიდეთ და ეს გზა არის ძალიან გრძელი. ეს გზა გადის, როგორც განათლებაზე, ისე ჯიშობრივ საკითხებზე.
დღეს გვაქვს ბევრი პროგრამა, " დანერგე მომავალი", შეღავათიანი აგროკრედიტი და ა.შ. თუმცა, მაინც გვაქვს ორი ძირითადი პრობლემა აგროსექტორში - განათლება და წვდომა ფინანსებზე. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დავდოთ კონკრეტული შედეგები?
"დანერგე მომავალი" არის დადებითი პროგრამა, მეცხოველეობის პროგრამებზეც არის რაღაც მცდელობები.მაქვს იმპულსები, რომ მექნება საუბრები სამინისტროსთან. ჩემი გამოცდილება შვეიცარიაში არის, რომ თუ არ გაქვს პროფესიული სასწავლებელი დამთავრებული, ვერანაირ სახელმწიფო კრედიტს ვერ იღებ. ცოდნას უნდა მისცე შენ ფული და არა ვიღაცას. ყველა უნდა გავერთიანდეთ, თუ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობის თითოეული დარგი განვითარდეს. რაც მთავარია, განათლების საკითხი უნდა შემოვიტანოთ.
ბენეფიციარი ხშირად თვითონ ითხოვს სუბსიდირებას, "დამასუბსიდირე, ფული მომეცი,"- ამ მენტალიტეტის ნაწილზეც მინდა გკითხოთ...
პირველ რიგში, შრომის კულტურის დანერგვა უნდა მოხდეს. ჩემი სურვილია, რომ თუ მოვახერხე, თუნდაც 10 წლის შემდეგ შვეიცარიული შრომის კულტურა, თუნდაც ორას ახალგაზრდაში გადმოვიტანე, ეს ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. არცერთი ფერმერი უარს არ ამბობს თანხაზე, ევროპაშიც ასეა. თუ ჩვენ ჩავდეთ 500 მილიონი, მივეცით მცოდნე ახალგაზრდებს, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ისწავლონ, შევიდნენ აგროსექტორის სხვადასხვა დარგებში და შეიძლება შევხედოთ 5-10 წლის პერსპექტივაში, რა ღირებულებას შექმნის ეს. მე ვიხდი გადასახადებს სახელმწიფოში და მაინტერესებს, სად მიდის სუბსიდირება და ვისთან მიდის. გამიხარდება თუ ისეთ ახალგაზრდებთან წავა ეს სუბსიდირება, რომელთაც რაღაც ცოდნა მიიღეს. ამ დარგის განვითარების ერთადერთი სწორი გზა ეს არის. სხვა რეცეპტი არ არსებობს და გადასახედია პრიორიტეტებიც.რასაც კარგად გააკეთებ ყველაფერი შეიძლება, რომ წარმატებული იყოს. ნიშური როლი უნდა გვქონდეს ძვირად ღირებულ პროდუქტებში, რადგან ის ახალგაზრდები, ვინც რაიონებში წავა, უნდა ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი, რომ დამაგრდნენ. მათი დამაგრება მთაში იქნება თუ სხვადასხვა სოფლებში, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მინდა გკითხო ლაბორატორიების კომპონენტზე, ფინანსურ და სადაზღვევო პრეფერენციებზე და კოოპერატივებზე. სტანდარტიზაციის ნაწილი რატომ გაჭიანურდა ჩვენს ქვეყანაში?
არ შეიძლება შენი წარუმატებლობა დააბრალო სახელმწიფოს, რომ შესაბამისი ლაბორატორიები არ არსებობს. შეიძლება ვიდავოთ ფასზე, ხშირად გვსმენია, რომ არის ლაბორატორიები, მაგრამ ძვირია, მაგრამ არ არის ლაბორატორიებიო, ამას ვერ ვიტყვით. გგონიათ შვეიცარიაში სახელმწიფოს აქვს ლაბორატორიები? ეს არის კერძო სექტორი. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ხარისხი გამომდინარეობს შენი კულტურიდან. არსებობს ასეთი ხალხი, იმედის ნაპერწკლები, გაფანტული მარგალიტები, ცოტა, მაგრამ არის. ნახავ ახალგაზრდა ოჯახს, რომელიც არის დაკავებული მეცხოველეობით.ნებისმიერი სტანდარტი, ნებისმიერი ხარისხი იწყება შენგან. ამას ვერავინ გასწავლის. 10 000 ლაბორატორია რომ გააკეთო ქვეყანაში, შენ თუ არ გაქვს ეს კულტურა, არაფერი გამოვა. აუცილებელია თავისუფალი ბაზარი, ცოდნა და ხელშეწყობებიც აუცილებელია, რა თქმა უნდა.
პროტექციონიზმი როგორ შეიძლება ჩვენი აგროსექტორის მიმართ გამოვიყენოთ? არ ვამბობ, რომ იმპორტი შევზღუდოთ, ეს იქნება თავისუფალია ბაზრის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ შეიძლება, რომ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენო ქართველი მწარმოებელი და ქართული პროდუქცია. როგორ ავამოქმედოთ პროტექციონიზმი ქართულად?
ეს ერთ-ერთი რთული საკითხია და ეს უკვე სცდება სოფლის მეურნეობას. ძალიან განვიცდი, მაგალითად, ხორბლის ამბავს. შეიძლება, რომ ფერმერმა საერთოდ დაივიწყოს ეს საქმიანობა და საერთოდ აღარ გაიხედოს მინდვრისკენ და წარმოიდგინეთ რამხელა პრობლემაში ჩავარდებით შემდეგი 10 წელი. მე ამ საკითხს უფრო სერიოზულად შევისწავლიდი. მშრომელი ხალხი გვყავს, მაგრამ რა ქნან, როცა ერთი წელი წააგო, მეორე წელი წააგო. შესაძლებელია იგივე გვალვაგამძლე ჯიშები შემოვიტანოთ, რომ უფრო მეტი რაოდენობა მოვიყვანოთ. პროტექციონიზმი შეიძლება თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგია, მაგრამ ისეც არ უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ხალხის შრომა წყალში გადაიყაროს. ბევრად კარგად უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი ყველამ ერთად. აქ მხოლოდ სახელმწიფო ვერ იქნება მოთამაშე, კერძო სექტორი უნდა იყოს. გადამხდელის ცნობიერების დანერგვა გვაკლია, რომ ეს არის ჩვენი ფული. მთავრობა ხარჯავს ჩვენ ფულს, ჩვენ უნდა დავსვათ საკითხები, ჩვენ უნდა დავიცვათ, ამას რაც გინდათ დაარქვით, პროტექციონიზმი თუ თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ წასვლა, არ მაინტერესებს, ხალხის ნება არის ყველაფერი. ჩვენ ვართ გადამხდელები და უნდა დავსხდეთ და ვიმუშაოთ ერთად.
მინერალური წყლების ბაზარზე გლობალურად და ლოკალურად რა პერსპექტივები გვაქვს, "ნაბეღლავის" პრიზმაში რომ გვიპასუხო...
"ნაბეღლავი" არის ქართველების საყვარელი წყალი. წარმატებით ვაგრძელებთ მუშაობას. ბევრი პროექტი განხორციელდა, სხვადასხვა წარმოება ჩვენთან გადმოვიდა, მაგალითად "სანდორა". დაახლოებით 250 სხვადასხვა პროდუქტს ვაწარმოებთ და შესაბამისად, შანსები ექსპორტის ყოველთვის არის და იზრდება. ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საწარმოები გვაქვს მთელს რეგიონში. მნიშვნელოვანია, როგორ ხარისხს სთავაზობ, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ ბაზარზე. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ჰაბს, ლოჯისტიკური განვითარება აკლია და თუ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყება კარგი იქნება. ჩვენც ვმუშაობთ და მალე ბევრი სიახლე იქნება. არ ვჩერდებით, როგორც უალკოჰოლო სასმელების, ისე „მარნეულის“ მიმართულებით. ყოველთვის ვფიქრობთ, რომ წავიდეთ წინ!