სამი მსხვილი თხილის ექსპორტიორის ბრუნვამ 2021 წელს ჯამში ₾90 მილიონზე მეტი შეადგინა. Finspot-მა თხილის ბიზნესის 3 მსხვილი ექსპორტიორის, შპს „ჯტჯ პლასის“, შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ (GPR Nuts) და შპს „გლობალ ექსპორტის“ (Global Export) ფინანსური მაჩვენებლები განიხილა.
2021 წელს შპს „ჯტჯ პლასმა“ 32.6 მლნ ლარის, შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსმა“ (GPR Nuts) 31.6 მლნ ლარის, ხოლო შპს „გლობალ ექსპორტმა“ 26.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
ექსპორტირებული თხილის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში გადის. საქართველო თხილის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა, თურქეთის, იტალიის, ჩილეს და შეერთებული შტატების შემდეგ.
„კომპანიებს ექსპორტზე გააქვთ ძირითადად ნედლი თხილის გული და გაუტეხავი თხილი. ასევე ხდება მოხალული და დაჭრილი თხილის, თხილის ფქვილისა და ნაჭუჭის ექსპორტი. ექსპორტირებულ ქართულ თხილს კომპანიები იყენებენ ინგრედიენტად შემდგომი გადამუშავებისთვის როგორც საკონდიტრო ნაწარმში, ასევე სხვადასხვა კერძო ლეიბლების პროდუქციის ინგრედიენტად.
ქვეყნის უმსხვილესი თხილის გადამამუშავებელი საწარმოები მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და ნედლეულის მომწოდებლების უმეტესობაც სწორედ ადგილობრივი ფერმერები არიან. ბოლო წლებში თხილის ბაღების გაშენება დაიწყო კახეთშიც“, - აღნიშნავენ Finspot-ში.
2018-2021 წლებში კომპანიების საშუალო წლიური ზრდა (CAGR) შემდეგნაირად გამოიყურებოდა: შპს „ჯტჯ პლასი“ +41%; შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“ +45%; შპს „გლობალ ექსპორტი“ +14%.
თხილის ექსპორტის ბიზნესში თვალშისაცემია საკმაოდ დაბალი საერთო მოგების მარჟა, რომელიც 4%-8%-მდე მერყეობს. ქართული თხილის საწარმოები ფასთწარმოქმნაში მონაწილეობას ვერ იღებენ, განსაკუთრებით იმ პირობებში რომ თურქეთი (მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი) პროდუქტის ხარისხითაც და ფასითაც დიდ კონკურენციას უწევს ქართულ თხილს.
დაბალი საერთო მოგების მარჟის პირობებში, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების მკაცრი კონტროლი. საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საკმაოდ დაბალია (1%-4%). საოპერაციო ხარჯების უდიდესი ნაწილი (60%-ზე მეტი) კი მოდის მიწოდების/ტრანსპორტირების ხარჯებზე.
თხილის ექსპორტიორების EBITDA მარჟა 3%-3.5%-ია. გამოდის რომ თითქმის ₾33 მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანია მხოლოდ ₾1 მილიონ EBITDA-ზე გადის.
„ფულის დაბრუნების პერიოდი კი კომპანიებისთვის 60-100 დღის ფარგლებში მერყეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფული „დაბმულია“ ოპერაციებში 2 თვეზე მეტ ხანს. იმისათვის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიებმა უწყვეტად განაგრძონ ფუნქციონირება, საჭირო ხდება დამატებითი სახსრების მოძიება. ამიტომ არის რომ სამივე განხილული თხილის კომპანიის აქტივების 50%-ზე მეტი სესხით არის დაფინანსებული. მაღალი ლევერიჯის მიუხედავად, კომპანიები ახერხებენ სესხზე მომსახურებას, ვინაიდან სარგებლობენ სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით, სადაც პროცენტის გარკვეული ნაწილი თანადაფინანსებულია“, - განმარტავენ Finspot-ში.
კომპანიებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლები და ადგილობრივ ვალუტაში არსებული თვითღირებულების ხარჯები. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ თხილის შესყიდვისა და გაყიდვის პერიოდი დროში აცდენილია.
შპს „ჯტჯ პლასის“ მფლობელები ბაჩუკი თამლიანი (50%) და ზაზა ნანავა (50%) არიან, შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ მფლობელები ლევან ბოლქვაძე (60%) და ბაია სალუქვაძე (40%), ხოლო შპს „გლობალ ექსპორტის“ 100%-იან წილს კობა დობორჯგინიძე ფლობს.