არ გვინდა ჩვენი გადასახადები მოხმარდეს ამ უბედურებას. ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს. ერთი ასანთის ღერია საჭირო და რისთვისაც ვაკეთებთ ბიზნესს, ვისთვისაც ვაკეთებთ ბიზნესს, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს და ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს, არაფერი აღარ გვექნება,“ - ამბობს ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის "სამუშაო შეხვედრაზე" გააჟღერა.
ბიზნესი გიორგი ისაკაძის მოწოდებით შეიკრიბა დღევანდელი კრიზისის შესაფასებლად.
საქმიანი საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობდა.
„ვაკეთებთ ბიზნესს, სამუშაო ადგილებს ვქმნით და ვიხდით გადასახადებს, არცთუ ისე პატარას. მაგრამ, ჩვენ არ გვინდა ეს გადასახადები მოხმარდეს ამ უბედურებას, რაც ტრიალებს. ყველა ამბობს, რომ „ვემიჯნებით ძალადობას!“ და მაინც ხდება ძალადობა. დენთის სუნი ტრიალებს. ერთი ასანთის ღერია საჭირო და რისთვისაც ვაკეთებთ ბიზნესს, ვისთვისაც ვაკეთებთ ბიზნესს, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს და ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს, არაფერი აღარ გვექნება“,- ამბობს კევლიშვილი.
ცნობისთვის, ბიზნესსსექტორის 50-მდე წარმომადგენელი დღეს "ბიუზნესმედიის" პირდაპირ ეთერში მსჯელობდა კრიზისიდან გამოსავალზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, შეფასებით, ის ბიზნესმენები, საქმიანი წრის წარმომადგენლები, მთლიანი შიდა პროდუქტის, ქვეყნის დოვლათის, შექმნელები, დამსაქმებლები, რომლებიც დღეს ღიად გმობენ "ოცნების" შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ კურსს, არიან დაბულინგებულები, ანაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ.
შეგახსენებთ, ათი ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მასობრივად აკავებს აქციის მონაწილებს. ჩხრეკენ აქციის მონაწილეების სახლებს, ორგანიზაციებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
ტერორის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს და მედიას.
შსს აქციის დასაშლელად იყენებს არაპროპორციულ ძალას.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. მისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.
მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.
პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაცია, სტუმარ-მასპინძლობა და სხვა.