ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის მოქმედ წესს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაცია პაციენტების ინტერესებს აზიანებს. მისი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია ექიმის მიერ რეცეპტის მხოლოდ ორკვირიანი ვადით გაცემა და პაციენტის ყოველ ჯერზე პირადად გამოცხადების ვალდებულება. ცისკარიძე ასევე მიუღებლად მიიჩნევს ექიმის სპეციალურად პროვოცირებას შესაძლო დარღვევის ჩადენის მიზნით.

მისი თქმით, ე.წ. „ფსიქოტროპული“ მედიკამენტების გამოწერის მოქმედი წესი აბსოლუტურად არასწორია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 

"აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამოყოფა:

1. აბსოლუტურად არასწორია ე.წ. „ფსიქოტროპული“ მედიკამენტების გამოწერის მოქმედი წესი. ექიმს უფლება აქვს, ასეთი პრეპარატი მხოლოდ ორი კვირის ვადით გამოწეროს, ხოლო შემდგომი რეცეპტის გაცემა მხოლოდ ყოველი ორი კვირის შემდეგაა შესაძლებელი. ამასთან, ყოველ ჯერზე პაციენტი ვალდებულია, პირადად გამოცხადდეს კონსულტაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რეცეპტის გამოწერა შეუძლებელია. იმავდროულად, იმ პაციენტთა უდიდესი უმრავლესობა, რომლებიც ამგვარ მედიკამენტებს საჭიროებენ, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან და აღნიშნულ პრეპარატებს თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში იღებენ. მათი დიდი ნაწილი ხანდაზმულია ან ფუნქციურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, რის გამოც მათთვის ექიმთან ყოველ ორ კვირაში გამოცხადება მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს.

2.  ასევე გაუგებარია, რატომ არის პრეპარატი გაბაპენტინი ფსიქოტროპული მედიკამენტების ჯგუფში შეტანილი, მაშინ როდესაც იგი წარმოადგენს ანტიკონვულსანტურ (ანტიეპილეფსიურ) საშუალებას, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიისა და ტკივილის ზოგიერთი ფორმის, მათ შორის ნეიროპათიული და ნევრალგიური ტკივილის სამკურნალოდ. მეტ-ნაკლებად მსგავსი ეფექტი აქვს სხვა ანტიკონვულსანტებსაც, მაგალითად, კარბამაზეპინს, ლამოტრიჯინსა და ვალპროის მჟავას, თუმცა ამ მედიკამენტების გამოწერისა და გაცემის წესი სრულიად განსხვავებულია.გასაგებია სახელმწიფოს სურვილი, გარკვეული რეგულაცია დააწესოს ამგვარი მედიკამენტების გამოწერისა და გაცემის წესთან დაკავშირებით, რაც, თავისთავად, აუცილებელია. თუმცა ამჟამად მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული წესები მოუმზადებლად და არაკომპეტენტურად იქნა შემუშავებული და მიღებული, დარგის შესაბამისი ექსპერტების სათანადო მონაწილეობისა და პროფესიული განხილვის გარეშე. შედეგად, ეს რეგულაციები არა მხოლოდ ექიმების საქმიანობას ართულებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს პაციენტების ინტერესებს.კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ის, რომ ექიმის პროვოცირება პროფესიული საქმიანობის შესრულებისას რეგულაციის დარღვევის ან თუნდაც გადაცდომის ჩადენის მიზნით, სპეციალურად მივლენილი პირის გამოყენებით, სრულიად ამორალური და მიუღებელია. უფრო მეტიც, ასეთი პრაქტიკა აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ექიმი ყოველი პაციენტის ან მისი თანმხლები პირის მიმართ უნდობლობას განიცდის და მათში პოტენციურ „პროვოკატორს“ დაინახავს. ეს კი ხელს შეუშლის ექიმს პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში, რადგან სამედიცინო პრობლემაზე კონცენტრირების ნაცვლად, იგი იძულებული იქნება მუდმივად ფიქრობდეს, ხომ არ ცდილობს მის წინ მყოფი პირი მის პროვოცირებას. ექიმებში მსგავსი „თავდაცვითი“ ქცევის ჩამოყალიბება აუცილებლად უარყოფითად აისახება ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხზე და, საბოლოოდ, ისევ პაციენტების ინტერესებს დააზარალებს.და ბოლოს, ექიმ-ნევროლოგ მაია კოხტაშვილს მრავალი წელია ვიცნობ, როგორც მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტსა და ღირსეულ ადამიანს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა და უამრავი მადლიერი პაციენტი ამ შეფასების საფუძველს მაძლევს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მან არათუ დანაშაული ჩაიდინა, არამედ გადაუხვია საექიმო ეთიკის ან ზოგადად ადამიანური მორალის ნორმებს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს საქმის სრულყოფილ, ობიექტურ და მიუკერძოებელ შესწავლას" — განაცხადა ნევროლოგმა ალექსანდრე ცისკარიძემ "მედსკრიპტუმთან" ინტერვიუში.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ დააკავეს ახმეტის კლინიკის ექიმი მაია კოხტაშვილი, რომელმაც, მათივე ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტი დაუმზადა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ექიმთან დოკუმენტის დასამზადებლად მივიდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი იყო.დაკავებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, ამჟამად თავისუფალია.ვკოხტაშვილისთვის გირაოს ფული მოქალაქეებმა შეაგროვეს.