"ალალის" წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებული" HoReCa სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე სასტუმროსთან უკვე დაწყებულია.
მისივე განმარტებით, აღნიშნული თანამშრომლობა სასტუმროებისთვის ჩამოსასხმელი წვენების მიწოდებას გულისხმობს.
"მოლაპარაკების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ სასტუმროს წარმომადგენლებს სინჯებზე უნდა შევხვდეთ. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 2 თვეში, ერთ-ერთ ქსელურ სასტუმროსთან მუშაობას დავიწყებთ. შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებთან კომუნიკაციასაც ვგეგმავთ", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.
რაც შეეხება ზოგადად, ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე კომპანიის გაყიდვებს, როგორც გოჩა ღვინეფაძე აღნიშნავს, "ალალის" გაყიდვების მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 20-30%-ით არის გაზრდილი. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე წარმოების, დაახლოებით, 60% იყიდება, ხოლო ექსპორტზე 40%.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, 2024 წელს "ალალი" ყაზახეთისა და უზბეკეთის ბაზარზე გავიდა, ხოლო ამჟამად მოლაპარაკებები გერმანიის მიმართულებით მიმდინარეობს.
"არსებული ბაზრების გარდა - წელს კანადის ბაზარზე ვფართოვდებით. მეორე პარტნიორთან ვიწყებთ თანამშრომლობას, რომელიც კანადის სხვა რეგიონს მოიცავს. ჩვენ ასევე, მოლაპარაკებები გვქონდა საუდის არაბეთთან, თუმცა გაურკვეველი ვადით, მათივე მხრიდან, შეჩერდა. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს - ჩვენი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე თავიანთი ეტიკეტით იქნება წარმოდგენილი და აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. ჯამში, ამ ეტაპზე, ექსპორტზე ჩვენი წარმოების 40% იყიდება.
ადრე უფრო დიდი მოცულობის პროდუქცია გაგვქონდა უცხოეთში, თუმცა ჩვენ "IDS ბორჯომთან" დავიწყეთ თანამშრომლობა და მათ ვუმზადებთ წვენებს. მაგალითად, შარშან "IDS ბორჯომის" ქარხანას დაახლოებით, 500 ტონა ვაშლი და 400 ტონა ციტრუსი გადავუმუშავეთ", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.
ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "აჩინებულის" საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის წვენს აწარმოებს და ნედლეულს თითქმის სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.