Bloomberg Economics-ის ინფორმაციით, იმ დროს, როცა ტრამპი 12 თებერვლის საღამოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრებოდა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი ევროპელ მოკავშირეებს უხსნიდა, რომ უკრაინაში ომის მოგვარების ტვირთის დიდი ნაწილი საკუთარ თავზე უნდა აეღოთ.

ჰეგსეტის აზრით, NATO წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ ალიანსის ევროპული ქვეყნები სამხედრო დანახარჯებს გაზრდიან.

"ეს თავისთავად არ მოხდება. საჭიროა, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ჩაერთონ და პასუხისმგებლობა აიღონ კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად," – განაცხადა ჰეგსეტმა.

Bloomberg Economics-ის ფინანსურ-ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, უკრაინული არმიის აღდგენა დაახლოებით 175 მილიარდი დოლარი დაჯდება, ხარჯები კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება მისი მდგომარეობა მშვიდობის მიღწევის დროს და რა ტერიტორიის დაცვა მოუწევთ.

სამშვიდობო ძალები, რომლებიც 40,000 სამხედროსგან დაკომპლექტდება, დამატებით 30 მილიარდი დოლარი დაჯდება ამავე პერიოდის განმავლობაში, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაცილებით მეტი სამხედრო ძალა იქნება საჭირო. 

თანხების  უდიდესი ნაწილი ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალების განვითარებას უნდა მოხმარდეს, რათა ევროკავშირის თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანობაში GDP-ის დაახლოებით 3.5%-ს გაუტოლდეს, რაც ამერიკის მოთხოვნაა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს დაფინანსება ვალების აღებით განხორციელდება, მომდევნო ათი წლის განმავლობაში NATO-ს ხუთ უდიდეს ევროპელ წევრს 2.7 ტრილიონი დოლარის დამატებითი სესხის აღება მოუწევთ.

მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევის შემდეგ,  უკრაინას ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და შენობების აღსადგენად დაახლოებით 230 მილიარდი დოლარი უნდა მოხმარდეს.

თუ უკრაინა ამ თანხას მიიღებს და გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდება, სავარაუდოდ, ქვეყნის ენერგეტიკული, სამრეწველო და სამშენებლო სექტორები განვითარდება, რაც დროთა განმავლობაში ევროკავშირის წევრებზე არსებულ ფინანსურ დატვირთვას შეამსუბუქებს.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების გარანტიების სწორ კომბინაციაზე, რაც საბრძოლო მოქმედებების დასრულებას უზრუნველყოფს.