უნიკალური და ულამაზესი ბაკურიანი ბეტონის ქალაქად გადაიქცა,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველოს სამთო კურორტების მთავარ და გადაუჭრელ პრობლემად კვლავ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა რჩება.

,,ტურისტის ჩამოსვლის მოლოდინი არსებობს, მაგრამ ამ ტურისტს დახვედრა სჭირდება, ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება, ამის რეალურ სამუშაოებს კი ვერ ვხედავთ. ხშირად მითქვამს, რომ ჩვენი ზამთრის კურორტები ბუნებრივი სიმდიდრე, საჩუქარია ქვეყნისთვის. როცა ქვეყანაში შესაძლებლობა გაქვს, გქონდეს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის კურორტები, ეს უიშვიათესი შემთხვევაა. სამთო კურორტებით ადამიანები ინტერესდებიან როგორც დასვენებით, ისე სრიალით, ამის არგამოყენება და არასწორი მიმართულების მიცემა დანაშაულია. უნიკალური ბაკურიანი დღესდღეობით გადაქცეულია ბეტონის ქალაქად. ასეთი შეცდომების დაშვება უპატიებელია. ამას სჭირდება გამოსწორება, გეგმის მიხედვით მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმდიდრეს, რაც გვაქვს, ჩვენივე ხელით გავანადგურებთ",- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.