სერტიფიცირებული გიდი ქეთი ბურნაძე BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ უცხოელი გიდებისა და კონსულტანტების გამო ქვეყნის ბიუჯეტი ათასობით ლარს კარგავს.
ქართველი გიდების ერთი ნაწილი წლებია უცხოელი გიდების საქმიანობის აკრძალვას ითხოვს, თუმცა 6 თებერვალს ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრაზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ თქვა, რომ უცხოელ გიდებს ქვეყანაში საქმიანობას ვერ აუკრძალავენ.
"ქვეყანას გააჩნია ბიუჯეტი, რომელშიც ჩვენი შემოსავლებიდან რაღაც უნდა აისახებოდეს. უცხოელი ინსტრუქტორის მომსახურება ერთი საათი ჯდება 60-70 ევრომდე. საკუთარი თვალით დავრწმუნდით და ამის ვიდეოც არის ერთი ინსტრუქტორი როგორ ატრენინგებს 16-18 ტურისტს. ამ შემთხვევაში გუდაურზე მაქვს საუბარი. თვეში ერთი ინსტრუქტორი იღებს 40 ათასი ევროს, ეს თანხა ხაზინის გვერდის ავლით გადის ქვეყნიდან. ანუ აქ არ ილექება. ამას გარდა, ამ ხალხს არ აქვთ სამუშაო ვიზა, ჩვენ ხომ ვისწრაფვით ცივილიზებული სამყაროსკენ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ტურისტი "დაუგდიათ" და წასულან, ვის იმიჯზე მოქმედებს ეს?!" - ამბობს ბურნაძე.
2025 წლის 1 ივნისიდან ძალაში შედის ტურისტული გიდის საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტული გიდების რეგისტრაციის წესი. კანონმდებლობის თანახმად, 1 ივნისიდან როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტული გიდი ვალდებულია იქნება რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამასთან, კანონის თანახმად, ტურისტული გიდის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს გასცემს აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო. წახალისების მიზნით, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირი კი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებში და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისთვის დაწესებული გადასახდელის გადახდისგან.
"ზოგადად, ჩვენი პოლიტიკა ვერ იქნება ამოვარდნილი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისგან და მხოლოდ უცხოელ გიდებზე ვერ იქნება აკრძალვა. როგორი მიდგომაც აქვს ქვეყანას უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობასთან დაკავშირებით, ზუსტად ის დაშვებაა გიდებთან მიმართებით. აქ საუბარია უბრალოდ იმაზე, თანაბარ პირობებში როგორ ჩავაყენოთ, მეტიც კონკურენციის ზრდით შევეცადოთ მივეხმაროთ ქართულ სექტორს, რომ ის უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. ჩვენი პოლიტიკა აკრძალვისაკენ არ არის მიმართული, პირიქით შემოსავლების ზრდისკენ. თუმცა კანონში რეგისტრაციის კომპონენტი იქნება, როგორც ქართველ, ისე უცხოელ გიდზე", - ამბობს ომიაძე.