„ძალიან სამწუხარო ფაქტია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის ეს შემადგენლობა პრაქტიკულად არ აპირებს საქართველოსთან სერიოზულ თანამშრომლობას,” - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან” ეკონომისტი ოთარ ანგურიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
საუბარია, დოკუმენტზე, რომლითაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებისთვის, დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, კომპანიებსა და გარემოცვას მიზნობრივი სანქციები დაუწესონ. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და რამდენიმე ბიზნესმენიც.
ოთარ ანგურიძის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებით ევროპარლამენტარები უპირისპირდებიან არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციასაც, რომელიც 2 დღის წინ ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავდა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის ეს შემადგენლობა პრაქტიკულად არ აპირებს საქართველოსთან სერიოზულ თანამშრომლობას. განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის ახლად არჩეული პრეზიდენტი მოხვდა დასანქცირების შესაძლო სიაში, ეს მაშინ როდესაც, 2 დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ულოცავდა ნათია თურნავას პრეზიდენტად დანიშვნას.
პრაქტიკულად გამოდის, ისეთი ინსტიტუცია, როგორიც არის ევროპარლამენტი, უპირისპირდება არა მარტო ჩვენს ეროვნულ ბანკს, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციასაც. ეს არის ძალიან ცუდი და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დროებითი მოვლენა და ასევე, იმედი მაქვს, ცალკეული სახელმწიფოები, რომლებიც არიან ევროკავშირის შემადგენლობაში, არ შეუერთდებიან ამ რეზოლუციას და არ დაუჭერენ მხარს,”- ამბობს ოთარ ანგურიძე.