საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის თანახმად, ზურაბიშვილი „უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან“.
ასევე, მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.
პრესსამსახურის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.