ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები არსებულ პრობლემებზე სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა საუბრობენ. ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ სექტორისთვის ახალი გამოწვევები წარმოშვა. ტურისტებზე გათვლილი აპარტამენტების მფლობელები მომხმარებლების სიმცირეზე, ჯავშნების მასიურ გაუქმებასა და ამის ნიადაგზე შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ.
თეატრის კრიტიკოსი გვანცა გულიაშვილი დედაქალაქის ცენტრალურ და ტურისტულ ნაწილში რამდენიმე აპარტამენტს ფლობს. ის სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც შექმნილ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობს. აცხადებს, რომ რეგრესი ტურიზმის სფეროში დიდი ხანის წინ დაიწყო, თუმცა ბოლო თვეებში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და მიღებულმა არა ჰუმანურმა კანონებმა ისინი ყველაზე მეტად დააზარალა. გვანცა გულიაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სექტორის განვითარებისათვის არაფერი გააკეთა და პირიქით, ქვეყანას ისეთი იმიჯი შეუქმნა, რომ საქართველოში უცხოელების დიდ ნაწილს ჩამოსვლა აღარ უნდა. აპარტამენტების მფლობელი „კომერსანტთან“ პანდემიის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ საზღვრების ჩაკეტვის მიუხედავად, ის რთული პერიოდი გადააგორეს და მუშაობა სრულად არ გაუჩერებიათ. სექტორისთვის გავრილოვის ღამის შემდგომი პერიოდიც რთული გამოდგა, თუმცა გვანცა გულიაშვილი აცხადებს, რომ ამ გამოწვევასაც თავი გაართვეს, რასაც მიმდინარე პერიოდში ვერ ახერხებენ. შექმნილი პრობლემების მიზეზი კი მისი შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკა, მიღებული კანონები და ქვეყნის შელახული იმიჯია.
,,რეგრესი ტურიზმის სფეროში დიდი ხანია დაიწყო. დაიწყო იმით, რომ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყნის პოპულარიზაცია მომხდარიყო. ტურიზმს მუდმივად სჭირდება პოპულარიზება. არსებობს სპეციალური არხები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც რეკლამები ტრიალებს და ხდება ინფორმაციის გაცვლა. ამ მიმართულებით გაჩერებული იყო ყველაფერი უკვე დიდი ხანია. შემდეგ იყო გავრილოვის ღამე, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. მაშინ მასობრივად გაუქმდა ჯავშნები. პირველი დიდი შოკი და დარტყმა მაშინ მიიღო ამ სექტორმა, მაგრამ ის პერიოდი გადავლახეთ. პანდემიის დროსაც კი, როცა ფრენები იყო ჩაკეტილი ჩვენ მოვახერხეთ შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება. რამდენიმე თვით გავაქირავეთ და მაინც შევძელით, რომ სრულად არ გაგვეჩერებინა პროცესი და არ გამოგვეკეტა ბინები და დაგვეფარა საკრედიტო ვალდებულებები. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან აქტიურად უნდა ემუშავა, რომ ამოძრავებულიყო სიტუაცია, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა ამ კუთხით. პირიქით, ის კანონპროექტები, რომლებიც მიიღეს ადამიანების მიმართ არა ჰუმანურია. ვიღებდი გამუდმებით მესიჯებს, რომ უნდოდათ საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ არ იციან რამდენად ჰუმანური გარემოა. როგორ შეიძლება, რომ ქვეყანას გარეთ ექმნებოდეს იმიჯი, რომ აქ ვინმეს სექსუალური ორიენტაციის გამო შეიძლება დევნიდნენ და ჩაგრავდნენ. ჩვენ გვიწევდა გამუდმებით ახსნა, რომ მათ არავინ ქუჩაში სექსუალური ორიენტაციის გამო არ დაჩაგრავდა. გამუდმებით გვიწევდა ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისთვის გაგვერთმია თავი და როგორმე დაგვერწმუნებინა ეს ხალხი, რომ ძალიან კეთილგანწყობილი, მშვიდი და უსაფრთხო გარემოა ამ ქვეყანაში ყველასთვის. დავკარგეთ უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყნის სტატუსი.’’- აცხადებს გვანცა გულიაშვილი.
გვანცა გულიაშვილი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებმა ტურისტებს უსაფრთხოების განცდა დაუკარგა, რის გამოც ისინი დღეს საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ. გაუქმებული ჯავშნების და დაკეტილი აპარტამენტების შედეგი კი ფინანსური პრობლემებია. გვანცა გულიაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესში არსებულ სუბიექტებს, რომლებმაც ბანკის კრედიტებით იყიდეს და მოაწყვეს ბინები, დღეს ფინანსური ვალდებულებების გადახდა უჭირთ.
,,რუსთაველი და სოლოლაკი არის ყველაზე ძირითადი და ყველაზე აქტიურად მომუშავე უბნები. იქ, სადაც მიმდინარეობდა ენით აღუწერელი ბატალიები, რომელიც გაგვიმართა ხელისუფლებამ, სადაც გასეირნებაც კი რაღაც პერიოდის განმავლობაში უსაფრთხო არ იყო, რადგან იმ რაოდენობის გაზი გაუშვეს, რომ საშიში იყო. გაზი წინა საღამოს თუ იყო გაშვებული მაინც გრძნობდი. ყელი და ცხვირი გეწვოდა. ამას გრძნობდნენ ტურისტები. ხვდებით უკვე რა იმიჯი გვაქვს ქვეყნის გარეთ? როცა ფიქრობ, რომ იმ ქვეყანაში ყოველდღე ვიღაც შეიძლება დაიჭირონ, სცემონ ქუჩაში და არის არა ჰუმანური გარემო, მოგინდება ჩასვლა? როდესაც მაგალითად ერთი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა წელს ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს ჩამოვა 2 მილიონი. ამ ტიპის ზრდა ახასიათებს ტურიზმს. ყველაფერი გააკეთეს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეგნებულად გააკეთეს იმისათვის, რომ ეს ბიზნესი და ეს საქმიანობა ჩაეკლათ ბოლომდე. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ხალხს აქვს უზარმაზარი კრედიტები გამოტანილი. აქვთ ნაყიდი ბინები, გარემონტებული, უდევთ საიტზე და ეს ხალხი არის გაჩერებული. დაწყებულია მასობრივად ამ ბინების გაყიდვა. ბინებს ყიდიან, მაგრამ ის მყიდველიც აღარ არის. ვინ იყიდის? ყველამ იცის რა მდგომარეობაც არის.’’- აცხადებს გვანცა გულიაშვილი.
ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ტურისტების შემცირება ზაფხულშიც შეინიშნებოდა, თუმცა ვითარება უკიდურესად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გართულდა. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს ევროკავშირთა მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე გაჩერების შესახებ განაცხადა. ტურისტების ნაკლებობა იყო ახალი წლის დღეებშიც, რაც გაუქმებულმა სადღესასწაულო ღონისძიებებმა და პროტესტმა განაპირობა.
,,არჩევნების პერიოდის შემდეგ, როდესაც ნოემბერში გააკეთეს განცხადება, რომ წყვეტენ ევროკავშირთა მოლაპარაკებებს და აქ დაიწყო ხალხის მასობრივი გამოსვლები, დაიწყო მასობრივად გაუქმება ჯავშნების. ახალი წლის პერიოდი ყოველთვის არის აქტიური, თუმცა გაუქმდა საახალწლო ბაზრობები და მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც საინტერესოა ტურისტებისთვის. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. არ მახსენდება მე ასეთი იანვარი და თებერვალი. იანვარში სპეციალურად არ გამოვრთე გათბობა. ვერ ვიჯერებდი, რომ შეიძლება არავინ ჩამოსულიყო. 500 ლარი გადავიხადე და 500 ლარი საერთოდ არ შემომსვლია იმ თვეში. 7 აპარტამენტი მაქვს და გაჭირვებით ვამუშავებ. რუსთაველზე აპარტამენტი დაკეტილი მაქვს უკვე მეორე თვეა. მე მყავს დასაქმებული ადამიანები. დიასახლისები, მაქვს მუდმივად კომუნიკაცია გიდებთან, მძღოლებთან, ტუროპერატორებთან. ეს არის ერთი უზარმაზარი ქსელი. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი არის დღეს სარჩო-საბადებელის გარეშე დარჩენილი.’’- აცხადებს გვანცა გულიაშვილი.
როგორია შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი? ამ კითხვაზე ჩვენი რესპონდენტი გვპასუხობს, რომ პრობლემებზე მხოლოდ სექტორში საუბარი და გზების ძიება საკმარისი აღარ არის. გვანცა გულიაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისი ჯერ ყველა სფეროს მოიცავს და შემდეგ ქვეყნის ეკონომიკას.
,,უკვე იმდენად არის გართულებული მდგომარეობა, რომ მხოლოდ სექტორის შიგნით პრობლემებზე საუბარი არ მგონია საკმარისი. დღეს უკვე საკითხი ასე აღარ ისმება, რომ სფეროს შიგნით მოვაწესრიგოთ. იმდენად ზოგადი კონტექსტია ქვეყანაში უმძიმესი, რომ ყველა სფეროს მოიცავს ის. კრიზისიდან გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ უნდა დავითანხმოთ ე.წ. ხელისუფლება, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები. როცა ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება, მაშინ შეიძლება უკვე დავიწყეთ უშუალოდ კერძო სექტორში საკითხების ჩამოყალიბება, რომელიც უკვე დაზარალებულ სექტორს ამოიყვანს მდგომარეობიდან. ვიდრე ქვეყანაში გვაქვს ეს პოლიტიკური სიტუაცია, მანამდე რაც არ უნდა ვაკეთოთ სფეროს შიგნით, ვერაფერს ვერ მოვაგვარებთ, რადგან ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი არის უკიდურესად შელახული. საერთაშორისო კომპანიები და ბიზნესები უზარმაზარი თანხის დაბანდებას აპირებდნენ, მაგრამ დღეს ვინმეს მოუნდება ეს გააკეთოს ამ ქვეყანაში?’’- აცხადებს გვანცა გულიაშვილი.