სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა, რათა დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად. ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, არჩევნები, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართება, თითქმის ორწლიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ვუჩიჩის მმართველობისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

ვუჩიჩის მეორე საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს, მაისში სრულდებოდა. სერბეთის კონსტიტუცია მას მესამე ვადით კენჭისყრას უკრძალავს. ვუჩიჩმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა 25 ოქტომბრის არჩევნებში „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ უხელმძღვანელოს.

მედიის ცნობით, მმართველ პოპულისტურ პარტიას არჩევნებში სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ახალგაზრდების მიერ მხარდაჭერილი მოძრაობა. აღნიშნულმა მოძრაობამ საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის კონსტრუქცია ჩამოინგრა და თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა. უნივერსიტეტის სტუდენტები ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვდნენ. როგორც მედია წერს, პროტესტი გადაიქცა სამართლიანობისა და კორუფციის წინააღმდეგ ფართო მოძრაობად, რომელიც ვუჩიჩის მთავრობის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას შეეცდება.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, ვიდრე ახალ პრეზიდენტს არ აირჩევენ, მის მოვალეობას დროებით პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს. საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს, ხოლო წინასაარჩევნო კამპანია 30-დან 60 დღემდე გაგრძელდება.