ფოტოგრაფიის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საფრანგეთში ქალები შინაურ ცხოველებს უფრო ხშირად იღებენ, ვიდრე ბავშვებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხული ქალების 39% ფოტოებს შინაურ ცხოველებს უღებს, ხოლო 35% — ბავშვებს. განსხვავება დიდი არ არის, თუმცა შედეგი მაინც მოულოდნელად შეფასდა, რადგან ოჯახურ ფოტოებთან და ბავშვების გადაღებასთან საზოგადოება უფრო ხშირად ქალებს აკავშირებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ შინაური ცხოველები სულ უფრო ხშირად ხდებიან ოჯახის ფოტოების ნაწილი. მათ იღებენ სახლში, სეირნობისას, მოგზაურობის დროს და ოჯახის წევრებთან ერთად. გამოკითხვის ორგანიზატორი კომპანიის, CEWE France-ის პრეზიდენტის, ლორანს კურტინა-ვერნონის თქმით, ცხოველები ოჯახური ცხოვრების „კადრს მიღმა“ აღარ რჩებიან და უფრო ხშირად ჩნდებიან როგორც ემოციურ, ისე სახალისო მომენტებში.

კვლევა პირდაპირ არ ხსნის, რატომ გაუსწრეს შინაურმა ცხოველებმა ბავშვებს, თუმცა სავარაუდო მიზეზი არა უფრო ძლიერი მიჯაჭვულობა, არამედ ცხოვრების სხვადასხვა გარემოებაა. ბევრ ადამიანს შვილები უკვე გაზრდილი ჰყავს და დამოუკიდებლად ცხოვრობენ, ახალგაზრდა ოჯახები კი ბავშვების ფოტოების საჯაროდ გამოქვეყნებას უფრო ფრთხილად ეკიდებიან. ცხოველების ფოტოები ასეთ კითხვებს ნაკლებად აჩენს, ამიტომ ძაღლები და კატები კამერის ობიექტივში უფრო ხშირად ხვდებიან.

კაცების შემთხვევაში სხვაობა შედარებით მცირეა: შინაურ ცხოველებს 28% უღებს ფოტოებს, ბავშვებს კი — 25%.

ყველაზე პოპულარულ გადასაღებ ობიექტებად კვლავ პეიზაჟები რჩება — მათ გამოკითხულთა 44% იღებს. მეორე ადგილზეა მოგზაურობის შთაბეჭდილებები 40%-ით.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის 1000-მა სრულწლოვანმა მცხოვრებმა.

euro-pulse.ru