საბერძნეთში დასრულდა სარესტავრაციო სამუშაოების ის ეტაპი, რის გამოც პართენონის სრულად დათვალიერება ბოლო 220 წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო. ათენში, აკროპოლისზე მდებარე ანტიკური ტაძრიდან სამშენებლო ხარაჩოები მოხსნეს და ვიზიტორებს მისი დანახვა ახლა ყველა მხრიდან შეუძლიათ.
მარმარილოს ტაძარი ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნეში ქალღმერთ ათენას პატივსაცემად აშენდა. პართენონი არა მხოლოდ ძველი საბერძნეთის, არამედ მთლიანად ანტიკური კულტურის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება.
ბოლო 2500 წლის განმავლობაში ტაძარი ნელ-ნელა ზიანდებოდა მიწისძვრების, ომების, ჰაერის დაბინძურებისა და ისტორიული ძეგლების არაპროფესიული რესტავრაციის გამო.
პირველი ხარაჩოები პართენონთან 1801 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა არისტოკრატმა თომას ბრიუსმა, ელგინის გრაფმა, ტაძრის რამდენიმე მარმარილოს სკულპტურა ლონდონში წაიღო. ეს სკულპტურები დღემდე ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი.
ამის შემდეგ დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები არაპროფესიულად ჩატარდა. ტაძრის დეკორის ბევრი დეტალი ზუსტ ასლებად კი არა, უბრალო მარმარილოს ბლოკებით ჩანაცვლდა. მოგვიანებით კი თანხების დეფიციტის გამო პართენონის აღდგენა შეჩერდა.
1975 წელს დაიწყო ანტიკური ტაძრის მეცნიერული რესტავრაცია. არქეოლოგების ამოცანა იყო ძველი ფრაგმენტების მარმარილოს ახალ ასლებთან დაკავშირება ისე, რომ გამოყენებული სამაგრები ქვას არ აზიანებდეს.
პართენონის რესტავრაცია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა, ევროპულ არქეოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროექტად ითვლება. ასეთი სამუშაო მილიმეტრამდე სიზუსტეს მოითხოვს, რადგან მცირე შეცდომამაც კი შეიძლება ძველ ნაგებობას ზიანი მიაყენოს.
ახლა პართენონი კვლავ სრულად გამოჩნდა. საბერძნეთის კულტურის მინისტრის, ლინა მენდონის შეფასებით, ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა არა მხოლოდ თავად ძეგლისთვის, არამედ მთელი მსოფლიო კულტურისთვის.
ბოლო წლებში საბერძნეთის მთავრობა და ბრიტანეთის მუზეუმი პართენონის დეტალების საბერძნეთში დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.