არგენტინაში, პატაგონიის ქალაქ კუტრალ-კოში, ფეხბურთის ლეგენდის, ლიონელ მესის 26-მეტრიანი ქანდაკება დაიდგა. მონუმენტი, რომელიც დაახლოებით 70 ტონას იწონის, 2026 წლის 16 ივნისს ოფიციალურად გახსნეს.

ქანდაკების ავტორი მოქანდაკე ალდო ბეროისაა, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმუშავა ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელოსნების დახმარებით. მონუმენტი ფოლადის კონსტრუქციაზეა აგებული და ბეტონითაა დაფარული, რათა პატაგონიის ძლიერი ქარისთვის გაეძლო.

ქანდაკებაზე მესი არგენტინის ნაკრების ფორმითაა გამოსახული, ის მუხლზე დგას, გვერდით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თასია, თავად კი ერთ ხელს მაღლა სწევს.

მონუმენტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში გაიხსნა, ფეხბურთელის 39-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე. ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა – მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი გოლების რაოდენობით მიროსლავ კლოზეს გადაასწრო.

აღნიშნული ქალაქი აქამდე, ძირითადად, ნავთობის ინდუსტრიით იყო ცნობილი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი მონუმენტი მას ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაც აქცევს. ქანდაკების გახსნის შემდეგ არაერთი ვიზიტორი სპეციალურად ჩერდება მაგისტრალთან, რათა მონუმენტი გადაიღოს.

თუმცა ინტერნეტში გამოხმაურება მხოლოდ დადებითი არ ყოფილა. სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ნაწილმა ქანდაკების გარკვეული მხატვრული დეტალები, განსაკუთრებით ფიგურის ქვედა ნაწილი და მსოფლიო ჩემპიონატის თასის განლაგება, იუმორის თემად აქცია.

მიუხედავად იმისა, რომ მესის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე არაერთი მემორიალური დაფა და ქანდაკებაა შექმნილი, ეს მონუმენტი ამჟამად ფეხბურთელისთვის მიძღვნილ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქანდაკებად მიიჩნევა.

www.marketer.ge