საფრანგეთიდან ცნობილი ლიმოჟის ფაიფური გახდა პირველი ხელოსნური პროდუქტი, რომელიც ევროკავშირმა დაცული რეგიონული ხელოსნური ნაწარმის ახალ სიაში შეიტანა.

ეს სია უნიკალურ წარმოებას ისეთივე წესით დაიცავს, როგორც საკვებ პროდუქტებს, მაგალითად შამპანურს, პარმეზანს და სხვა მრავალ პროდუქტს, რომელთა დამზადებაც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას შეიძლება, იქ, სადაც ისინი ისტორიულად გაჩნდა.

ლიმოჟის ფაიფურის ისტორია XVIII საუკუნეში, საფრანგეთის ცენტრში იწყება. 1768 წელს, ლიმოჟის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ სენ-ირიე-ლა-პერშის მახლობლად, კაოლინის საბადოები აღმოაჩინეს. კაოლინი თეთრი თიხაა, რომლის გარეშეც თხელი, მაგრამ გამძლე ფაიფურის დამზადება შეუძლებელია. მას „თეთრ ოქროსაც“ უწოდებდნენ.

ამ მასალისგან უკვე ორ საუკუნეზე მეტია ამზადებენ ჩაისა და სადილის სერვიზებს, ვაზებს, ზარდახშებს, სტატუეტებსა და დეკორატიულ პანოებს. კლასიკურ ლიმოჟის ფაიფურს ხშირად თეთრს ტოვებენ, რათა უკეთ გამოიკვეთოს მისი მინანქრის ბზინვარება და ფორმის სიფაქიზე. თუმცა ზოგჯერ მას ხელითაც აფორმებენ, ოქროსფერი და კობალტისფერი დეტალებით, ყვავილების ორნამენტებითა და მინიატიურული სცენებით. გარეგნულად ის ძალიან თხელი და მყიფე ჩანს, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამძლეობაა.

ევროკავშირის დონეზე დაცვა საჭიროა იმისთვის, რომ მყიდველმა ნამდვილი პროდუქტი ყალბისგან გაარჩიოს. გარდა ამისა, ეს მექანიზმი უნიკალური პროდუქციის მწარმოებლებს დაეხმარება, არ დაუშვან მათი მსოფლიოში ცნობილი დასახელების უკანონო გამოყენება.

ლიმოჟის ფაიფურისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი ხარისხი და რეპუტაცია მხოლოდ ქალაქ ლიმოჟის ბრენდს არ უკავშირდება. ის კონკრეტულ ნედლეულსა და წარმოების ტრადიციასაც ეფუძნება. გეოგრაფიული აღნიშვნის წესების მიხედვით, წარმოების ყველა ეტაპი უნდა განხორციელდეს ზემო ვიენის დეპარტამენტში, სადაც ლიმოჟი მდებარეობს.

ევროკავშირის ახალი სისტემა ხელოსნური ნაწარმის დასაცავად 2025 წლის 1 დეკემბერს ამოქმედდა. ის გავრცელდება კერამიკაზე, ტექსტილზე, ქარგვაზე, დანებზე, სამკაულებსა და სხვა ნაწარმზე, რომლებიც წარმოების ადგილთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რეგისტრაციის გახსნის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე 74 განაცხადი შეიტანეს.

ევროპული ქვეყნებისთვის ეს მხოლოდ ბრენდების დაცვის საკითხი არ არის. ახალი მექანიზმი ეხმარება ტრადიციების შენარჩუნებას, სამუშაო ადგილების დაცვას და იმ ნაწარმის პოპულარიზაციას, რომელიც უკვე კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იქცა.

გარეკანის ფოტოზე: ლიმოჟის ფაიფურის ფინჯანი, რომელიც 1902-1906 წლებში ლიმოჟში, Pouyat-ის ქარხანაში დამზადდა.