ფინეთის აალტოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა XVII საუკუნის სატვირთო გემის, Hahtiperä-ს, ნამსხვრევები უნიკალურ სამოსად გადააქციეს. ამისთვის მათ ძველი ხის ბოჭკოები ძაფად გადაამუშავეს, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მისგან კაბები შექმნეს.

გემი 2019 წელს ფინეთის ქალაქ ოულუში აღმოაჩინეს, როდესაც მუშები ერთ-ერთი სასტუმროს სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. პარკინგის ქვეშ დამალული ნამსხვრევები ოულუს ძველი ნავსადგურის სახელის მიხედვით Hahtiperä wreck-ად, ანუ „Hahtiperä-ს ნამსხვრევებად“ მოიხსენიეს.

აღმოჩენის შემდეგ გემის კონსტრუქციას რამდენიმე წლის განმავლობაში კონსერვაციის სპეციალისტები სწავლობდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ნაწილი შეენარჩუნებინათ. თუმცა ყველა ფრაგმენტის პირვანდელი სახით გადარჩენა ვერ მოხერხდა. რამდენიმე ხის ნაჭერი, სავარაუდოდ, გადასაყრელი იქნებოდა, რომ არა ახალი იდეა.

გემის ნამსხვრევებისთვის „მეორე სიცოცხლის“ მიცემის ინიციატივა საზღვაო არქეოლოგ მინნა კოივიკოს ეკუთვნის. იდეით აალტოს უნივერსიტეტის ბიოინოვაციების ცენტრი დაინტერესდა და მკვლევრებმა არქეოლოგთან ერთად მასალის სამოსად გარდაქმნაზე დაიწყეს მუშაობა.

პირველ ეტაპზე მეცნიერებმა გემის ხის გარეთა ფენა მოაშორეს, რათა შიდა ნაწილამდე მიეღწიათ. შემდეგ მასალა დააქუცმაცეს და ძლიერი, აბრეშუმისებრი ბოჭკოები მიიღეს. ამ ბოჭკოებისგან ღია ყავისფერი, რბილი ბზინვარების მქონე ძაფი დაამზადეს. ძაფი არც შეუღებავთ და არც გაუთეთრებიათ, რათა გემის ხის ბუნებრივი ფერი შენარჩუნებულიყო.

ამის შემდეგ ძაფი უნივერსიტეტის საქსოვ სტუდიას გადასცეს. დიზაინერებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქსოვ მანქანაზე ორი უსახელო, ნაკერების გარეშე შექმნილი მაქსი კაბა დაამზადეს. პროცესში ძაფის არცერთი სანტიმეტრი არ დაიკარგა.

ამჟამად ერთ-ერთი კაბა ოულუს ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი, მეორე კი მალე აალტოს უნივერსიტეტში იქნება წარმოდგენილი.

euro-pulse.ru