Toyota საჰაერო მობილობის სფეროში პოზიციებს აძლიერებს. იაპონურმა ავტომწარმოებელმა და ამერიკულმა კომპანია Joby Aviation-მა სტრატეგიული სამრეწველო პარტნიორობა ოფიციალურად დაადასტურეს.
თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ერთობლივი საწარმო Joby Toyota Aero Manufacturing Preparation Company, რომელიც კალიფორნიაში იმუშავებს. კომპანიის საკონტროლო 51 პროცენტს Toyota ფლობს, ხოლო დარჩენილი 49 პროცენტი Joby Aviation-ს ეკუთვნის.
პარტნიორობის მთავარი მიზანი ელექტროსაჰაერო ტაქსების კომერციული წარმოებისთვის საფუძვლის მომზადებაა. კომპანიები წარმოების ეფექტიანობის გაზრდაზე, ხარისხის კონტროლსა და თვითღირებულების შემცირებაზე იმუშავებენ. ეს Joby Aviation-ს საშუალებას მისცემს, მომავალი მოთხოვნა უფრო დიდი საწარმოო სიმძლავრეებით დააკმაყოფილოს.
Joby Aviation ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის მქონე ელექტრო საფრენი აპარატების განვითარებაზე მუშაობს. კომპანიის კონცეფცია ქალაქის ტრანსპორტის ახალ მოდელს გულისხმობს, სადაც მიწისზედა გადაადგილება და მოკლე საჰაერო ფრენები ერთიან სისტემაში გაერთიანდება.
Joby-ს საჰაერო ტაქსი ექვსროტორიანი ელექტრო აპარატია, რომელიც ოთხ მგზავრსა და ერთ პილოტზეა გათვლილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ს აღწევს. უსაფრთხოებისთვის აპარატი რამდენიმე დამოუკიდებელი ენერგოსისტემით, მბრუნავი პროპელერებითა და მრავალდონიანი სარეზერვო მექანიზმებით არის აღჭურვილი.
Toyota-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, აკიო ტოიოდას თქმით, კომპანიის მისია ყოველთვის ყველასთვის ხელმისაწვდომი მობილობის შექმნა იყო. მისი შეფასებით, საჰაერო მობილობა ამ იდეის ბუნებრივი გაგრძელებაა და მომავალში გადაადგილების სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
Toyota-სა და Joby Aviation-ის პარტნიორობა აჩვენებს, რომ საავტომობილო ინდუსტრია მხოლოდ გზებზე აღარ ფიქრობს. გლობალური ავტომწარმოებლები უკვე იმ ტექნოლოგიებში აბანდებენ რესურსს, რომლებმაც შესაძლოა ქალაქებში გადაადგილების ფორმა მნიშვნელოვნად შეცვალოს.