მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი Toyota გლობალურ ბაზარზე გაყიდვების კლებას კვლავ აფიქსირებს. კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, მაისში Toyota-მ მსოფლიოში 834 279 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2 პროცენტით ნაკლებია.

ეს უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც იაპონური ბრენდის გაყიდვები მცირდება. მთავარ მიზეზებს შორის სახელდება საწვავის ფასების ზრდა, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობით გამოწვეული ლოგისტიკური პრობლემები და ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება.

ჩინეთი Toyota-სთვის ყველაზე რთულ მიმართულებად იქცა. ქვეყანაში ბრენდის გაყიდვები 31.7 პროცენტით დაეცა, ადგილობრივი წარმოება კი 23 პროცენტით შემცირდა. ეს მაჩვენებლები აჩვენებს, რომ იაპონურ გიგანტს ჩინურ ბაზარზე მზარდი კონკურენცია და მომხმარებლის მოთხოვნების ცვლილება სერიოზულ გამოწვევად ექცა.

კლების ტენდენცია მხოლოდ გაყიდვებს არ შეეხო. მაისში Toyota-ს გლობალური წარმოება 5.5 პროცენტით შემცირდა და 765 470 ავტომობილი შეადგინა. ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში წარმოების პირველი ვარდნაა.

სერიოზული შემცირება დაფიქსირდა ექსპორტშიც. იაპონიიდან ახლო აღმოსავლეთში Toyota-ს ექსპორტი 65.9 პროცენტით დაეცა და მხოლოდ 7 323 ავტომობილი შეადგინა. ეს უკვე მესამე თვეა, რაც ამ მიმართულებით კლება გრძელდება.

საერთაშორისო ბაზრებზე, იაპონიის ფარგლებს გარეთ, Toyota-ს გაყიდვები 9.6 პროცენტით შემცირდა და 715 898 ერთეულს მიაღწია. შედარებით სტაბილური აღმოჩნდა აშშ-ის ბაზარი, სადაც ჰიბრიდულ მოდელებზე მაღალი მოთხოვნის ფონზე გაყიდვები მხოლოდ 0.6 პროცენტით შემცირდა და 238 800 ავტომობილი შეადგინა.

გლობალური ვარდნის მიუხედავად, Toyota-მ დადებითი შედეგები აჩვენა იაპონიასა და ინდოეთში. მშობლიურ ბაზარზე გაყიდვები 11.1 პროცენტით გაიზარდა და 118 381 ერთეული შეადგინა. ზრდას ხელი შეუწყო ახალი მოდელების, მათ შორის RAV4-ისა და ელექტრო bZ4X-ის პოპულარობამ. იაპონიაში შიდა წარმოებაც 3.7 პროცენტით გაიზარდა.

ინდოეთში Toyota-ს გაყიდვები 15.3 პროცენტით გაიზარდა და 30 227 ავტომობილს მიაღწია. ამ შედეგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საგადასახადო შეღავათებმა, რომლებმაც მოთხოვნა გააძლიერა.

მაისი რთული აღმოჩნდა მთლიანად იაპონური ავტოინდუსტრიისთვისაც. რვა წამყვანი იაპონური ბრენდის საერთო გლობალური გაყიდვები 2.6 პროცენტით შემცირდა.

Toyota-ს მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალურ ავტოინდუსტრიაში წნეხი იზრდება. ჩინეთის ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება, ლოგისტიკური გამოწვევები კვლავ აქტუალურია, ხოლო მომხმარებლის მოთხოვნა რეგიონების მიხედვით განსხვავებულად იცვლება. ასეთ პირობებში Toyota-სთვის მთავარი ამოცანა ჩინეთში პოზიციების აღდგენა და გლობალური წარმოების სტაბილიზაცია იქნება.

www.crystalauto.ge