„საქართველოსთვის ელ-ნინიო საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენს, მართალია ის გლობალური კლიმატის ფონს ცვლის, მაგრამ უშუალოდ ჩვენზე არ ზემოქმედებს“ - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა.
ინფორმაციისთვის, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წელს ელ-ნინიო განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ეს გლობალური ამინდის ფენომენი წყნარ ოკეანეში ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მატებას უკავშირდება და მსოფლიოში ტემპერატურის ზრდას იწვევს.
როგორც BBC წერს, წლის ბოლოს ზღვის ზედაპირის ტემპერატურამ შესაძლოა, ნორმას 2°C-ზე მეტით გადააჭარბოს, რაც მას „ძალიან ძლიერ“ ანუ „სუპერ“ ელ-ნინიოდ აქცევს.
The Guardian-ის ცნობით, ელ-ნინიოს გავლენა ბოლო კვირებში უკვე სახეზეა. მან რიგ ქვეყნებში გვალვა, წყლის დონის შემცირება და ყინვა გამოიწვია, რაც სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში სურსათის წარმოებას საფრთხეს უქმნის.
კითხვაზე, როგორ აისახება საქართველოზე ელ-ნინიო, მამუკა გვილავა პასუხობს, რომ აღნიშნული მოვლენა საქართველოში ძირითადად მეორადი ეფექტებით ვლინდება, ხოლო კლიმატურ პროცესებზე უფრო დიდი გავლენა რეგიონულ ფაქტორებს აქვს.
„ელ-ნინიო გლობალური კლიმატური მოვლენაა, 7-8 წელიწადში ერთხელ მეორდება. ელ-ნინიო გადადის ლა-ნინიაში და ლა-ნინია გადადის ელ-ნინიოში. ელ-ნინიო ხდება წყნარ ოკეანეში, ეს არის წყლის ტემპერატურის პერიოდული მომატება. ბუნებრივი მოვლენაა, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას თან ერთვის კლიმატის ცვლილების ფონზე გაზრდილი ტემპერატურაც, რის გამოც ამ მოვლენას მძაფრად აღვიქვამთ.
„ექსტრემალური მოვლენების სიხშირე იზრდება“
კლიმატური ცვლილება იწვევს არასტაბილურობას. სადაც გვალვაა უფრო მეტი გვალვა შესაძლოა იყოს და სადაც წვიმებია - უფრო მეტი წვიმა. ამასთანავე, სადაც გვალვაა, იქ შესაძლოა წვიმები მოხშირდეს... ამიტომ რთულად პროგნოზირებადია მოსალოდნელი მოვლენები. ფაქტია, რომ ექსტრემალური მოვლენების სიხშირე იზრდება, მაგრამ ეს უშუალოდ ელ-ნინიოს და ლა-ნინიას ბრალი არ არის.
ამჟამინდელ მოვლენას ეძახიან სუპერ ელ-ნინიოს, რადგან ჩვეულებრივზე ძლიერია, ალბათ, კლიმატის ცვლილებით არის ესეც გამოწვეული. საქართველოსთვის ელ-ნინიო საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენს, მართალია ის გლობალური კლიმატის ფონს ცვლის, მაგრამ უშუალოდ ჩვენზე არ ზემოქმედებს.
საქართველოში მეორადი ეფექტით აღწევს ელ-ნინიო. ჩვენს შემთხვევაში რეგიონული მოვლენები უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, ევროპაში ახლა დიდი სიცხეებია, ჩვენთან უფრო გრილი ამინდებია, რაც გამოწვეულია ჩრდილოეთის ქარებით. აღსანიშნავია, რომ ქარები ელ-ნინიოსთვის არის დაკავშირებული“, - განაცხადა მამუკა გვილავამ.