ვატიკანმა მდგრადი მობილობის განვითარების პროგრამის ფარგლებში 20 ერთეული Fiat Topolino შეიძინა. მცირე ზომის ელექტრო ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ეპისკოპოსებისა და მღვდლების ყოველდღიური გადაადგილებისთვის იქნება განკუთვნილი.
Fiat Topolino დახურული ელექტროკვადრიციკლია, რომელიც ქალაქში მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის შეიქმნა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო ერთ სრულ დამუხტვაზე დაახლოებით 74 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილის სრულად დამუხტვას ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო როზეტიდან დაახლოებით ოთხი საათი სჭირდება.
Topolino Stellantis-ის ჯგუფში შემავალი Fiat-ის მოდელია და ტექნიკურად Citroen Ami-სთან ახლოს დგას. თუმცა, დიზაინით უფრო კლასიკური და იტალიური სტილის მქონე პატარა ელექტრომობილად ითვლება. სახელწოდება Topolino იტალიურად „პატარა თაგვს“ ნიშნავს.
ვატიკანისთვის ასეთი ტრანსპორტი განსაკუთრებით პრაქტიკულია, რადგან ქალაქი სახელმწიფო მცირე ტერიტორიაზეა განთავსებული და მისი ყველა მთავარი ობიექტი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ქვეყნის ფართობი მხოლოდ 44 ჰექტარია, მოსახლეობა კი 1000 ადამიანზე ნაკლებია.
შესყიდვა ვატიკანის „ეკოლოგიური კონვერსია 2030“ პროგრამის ნაწილია. მისი მიზანია ავტოპარკისგან წარმოქმნილი CO2-ის შემცირება და მოკლე მანძილზე გადაადგილების უფრო ეკოლოგიური მოდელის დანერგვა.
პირველ ეტაპზე ვატიკანი 20 ერთეულ Fiat Topolino-ს მიიღებს. მოდელის ფასი დიდ ბრიტანეთში 8995 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა უცნობია, რა პირობებით შეიძინა ავტომობილები ვატიკანმა.