4-8 ივლისს, ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია გაიმართება, სადაც წარდგენილი იქნება საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომლის მთავარი ინიციატორიცაა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონი.

რეზოლუციის პროექტში, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიტზეა გამოქვეყნებული, ის საკითხებია ჩამოთვლილი, რომელთა გამოც საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს.

მათ შორის, საუბარია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნების, ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, „კარუსელების“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის ფაქტების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.

ამასთანავე, რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ბოლო პერიოდში, საქართველოში მიღებულ სხვადასხვა შემზღუდავ კანონებს:

„კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, ასევე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამთრგუნველ გარემოს ქმნის“.

რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული ოპოზიციის წარმომადგენლების, მედიისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების შევიწროების, დაკავების ფაქტების გამო, „მაშინ როდესაც ისინი საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს“.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების შესუსტება და ეუთოს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევა, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ:

„გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი, როგორც ისინი იდენტიფიცირებულნი არიან ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ;

გააუქმოს ყველა კანონი, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში;

დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სავარაუდო დარღვევის ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე გამოძიება და პასუხისმგებლობა დააკისროს ყველა დამნაშავეს;

დაიწყოს რეალური რეფორმების პროცესი, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან (OSCE/ODIHR) კონსულტაციით, სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად;

უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო, რათა სამოქალაქო საზოგადოებამ და დამოუკიდებელმა მედიამ საქმიანობა შურისძიების შიშის გარეშე შეძლონ“.

ამასთანავე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ განაგრძონ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური მუშაობა დემოკრატიული ნორმების დაუყოვნებლივ აღდგენისა და ისეთი მომავალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც სრულად შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს; გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი და მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გზაზე.

www.radiotavisupleba.ge