იტალიის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ არ გეგმავს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობას რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იტალიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის მომავალი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.

„პრემიერ-მინისტრმა მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია აპირებს გააგრძელოს მუშაობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად საიმედო და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა, დაადასტურა, რომ იტალიის მონაწილეობა შესაძლო სამხედრო მისიაში არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დღევანდელი ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ ძალისხმევა შედის ოპერაციულ ფაზაში, 20 მარტს ბრიტანეთში სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს მომავალი სამშვიდობო შეთანხმება.

წყარო: 1tv.ge