უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის შავ ზღვაში საზღვაო ზავის დასამყარებლად. მისი თქმით, შესაბამისი წინადადებები ეგვიპტემ, ინდოეთმა და თურქეთმა წამოაყენეს და ახლა პასუხი რუსეთისგან არის საჭირო.

ზელენსკიმ ამის შესახებ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე ისაუბრა. მისი თქმით, სამმა ქვეყანამ შავ ზღვაში სავაჭრო გემებისთვის უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენის რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა.

Reuters წერს, რომ უკრაინა ასევე ცდილობს, შეთანხმება შეეხოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას. კიევში აცხადებენ, რომ ზამთრის მოახლოების ფონზე არსებობს ენერგეტიკულ და გათბობის ობიექტებზე რუსული სარაკეტო და დრონული იერიშების საფრთხე.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობა და ხელი შეუწყოს სურსათის სტაბილურ მიწოდებას, თუკი რუსეთი დეესკალაციის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს გადადგამს.

ცნობისთვის, შავი ზღვის რეგიონი საერთაშორისო მარცვლეულის ვაჭრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის არაერთი ქვეყანა ხორბლის იმპორტისას ამ რეგიონზეა დამოკიდებული. საზღვაო გადაზიდვების შეფერხება კი, მიწოდების ჯაჭვზე და მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასებზე აისახება.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის ომში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების საკითხიც განიხილა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ როგორც რუსეთმა, ისე უკრაინამ შეზღუდული ზავის იდეის მიმართ ინტერესი გამოხატა. საუბარია, მათ შორის, მარცვლეულის გადაზიდვებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებაზე.

თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას ამ ინიციატივებისთვის საჯაროდ მხარდაჭერა ჯერ არ გამოუხატავს. კრემლმა ასევე განაცხადა, რომ ფართო სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად ამ ეტაპზე საკმარისი საფუძველი არ არსებობს, თუმცა მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.