გერმანულმა თავდაცვის ტექნოლოგიურმა კომპანია Quantum Systems-მა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პარტნიორია, პორტუგალიაში მიმდინარე NATO-ს წვრთნებზე, თავისი პირველი საზღვაო უპილოტო სისტემები წარადგინა.
კომპანიის ახალი კონცეფცია ორ მთავარ აპარატს — Seavex-სა და Subvex-ს — აერთიანებს. მათი მთავარი იდეა მარტივია: სხვადასხვა ტიპის დრონებმა ერთიან ქსელად იმუშაონ და ზღვაზე ადამიანების მუდმივი ყოფნის საჭიროება შეამცირონ.
ერთი პლატფორმა - დრონების ქსელი
Seavex ზღვის ზედაპირზე მცურავი ავტონომიური აპარატია, რომელსაც ზღვაში ორ თვემდე შეუძლია დარჩენა. ის მცურავი ბაზის როლს ასრულებს - გზადაგზა უშვებს საჰაერო სადაზვერვო დრონებს და წყალქვეშა აპარატებსაც ტენის.
წყალქვეშა Subvex-ს კი, 6 000 მეტრამდე სიღრმეზე ჩასვლა შეუძლია. აპარატს შეუძლია კვირების განმავლობაში ზღვის ფსკერზე დარჩეს და გარემო აკონტროლოს.
ორივე სისტემა ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს და კომპანიის MOSAIC UXS პლატფორმის საშუალებით ერთიან ეკოსისტემაში მუშაობს. საბოლოო გადაწყვეტილებებს კი ოპერატორი იღებს ერთი ეკრანიდან.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
Quantum Systems-ის თქმით, საზღვაო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უზარმაზარი საზღვაო სივრცის მუდმივი კონტროლია. სამხედრო გემს ერთდროულად მხოლოდ ერთი ტერიტორიის პატრულირება შეუძლია, თვითმფრინავს კი საწვავის მარაგი ზღუდავს და მას ზღვაზე დიდხანს დარჩენა არ შეუძლია. შედეგად, კონტროლის მიღმა რჩება ე.წ. „ბრმა ზონები“, რომლითაც მოწინააღმდეგეს შეუძლია ისარგებლოს.
მაგალითად, Subvex-ს შეუძლია კვირების განმავლობაში ზღვის ფსკერზე შეუმჩნევლად დარჩეს და გარემოს მდგომარეობას აკვირდებოდეს. ამასთან, წყალქვეშა და ზედაპირული დრონები ერთიან AI-ქსელში ერთიანდებიან და ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებენ. მათი მიზანია საზღვაო სივრცის, წყალქვეშა ინტერნეტკაბელებისა და მილსადენების მუდმივი კონტროლი და შესაძლო დივერსიული მოქმედებების დროულად გამოვლენა.
ავტონომიური დრონების ქსელი ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრას ცდილობს — ზედაპირზე, ჰაერში და წყალქვეშ მუდმივი მონიტორინგის შექმნით.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წყალქვეშა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე, მათ შორის ინტერნეტკაბელებსა და მილსადენებზე. უკრაინის ომმა კი, Quantum Systems-ის შეფასებით, კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად ცვლის უპილოტო ტექნოლოგიები თანამედროვე სამხედრო ოპერაციებს.
Seavex და Subvex ამჟამად ატლანტის ოკეანეში საბოლოო საზღვაო ტესტებს გადიან. თუ სისტემები დაგეგმილ შესაძლებლობებს დაადასტურებს, მსგავსი ავტონომიური ქსელები მომავალში ევროპის საზღვაო უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ინსტრუმენტად იქცევა.
დეველოპერების განცხადებით, ახალი სისტემების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვის საჭიროების ზრდაა, განსაკუთრებით ბალტიის ზღვაში, სადაც ბოლო პერიოდში წყალქვეშა კაბელებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოება სულ უფრო აქტუალური საკითხი გახდა.