უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 31 ოქტომბერს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ლიდერების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება და სამოქალაქო გემებზე გახშირებული თავდასხმები იყო.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა სამოქალაქო გემებზე თავდასხმები დაგმო და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ მოუწოდა.

„სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და ისეთი ქმედებები, რომლებიც შავ ზღვაში დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის, არავის ინტერესებში არ შედის. ამ თავდასხმებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას მათ უკან ან რა არგუმენტებით ცდილობს მათ გამართლებას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, ანკარა შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის აღსადგენად მხარეებთან კონსულტაციებს გააგრძელებს და საკითხს რუსეთთანაც განიხილავს. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით მიღწეული შეთანხმება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მცდელობებს დამატებით ბიძგს მისცემს.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა საზღვაო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირების შენარჩუნების მნიშვნელობას.

„ჩვენი მიზანია, ეს დერეფანი შენარჩუნდეს და ეფექტიანად მუშაობდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ მოლაპარაკებებს შინაარსიანი უწოდა და ერდოღანს თანამშრომლობისა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშემწყობი ინიციატივების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თურქეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა შავ ზღვაში გემებზე გახშირებული თავდასხმების ფონზე გაიმართა. მიმდინარე წლის აგვისტოში ანკარამ შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების შეჩერების მიზნით მორატორიუმის დაწესების ინიციატივა წამოაყენა. კიევმა განაცხადა, რომ მზად იყო წინადადებას დათანხმებოდა, თუმცა მოსკოვის მხრიდან ვითარების დეესკალაციისთვის მზადყოფნა არ გამოვლენილა.