სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფონდი (The OPEC Fund for International Development) თურქეთში 127-კილომეტრიანი ელექტრიფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას 250 მლნ დოლარით დააფინანსებს. პროექტი ბოსფორის სრუტეზე სარკინიგზო გამტარუნარიანობის გაზრდას, სტამბოლის გადატვირთული სატრანსპორტო ქსელის განტვირთვასა და აზიასა და ევროპას შორის სატვირთო კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას Trend ფონდის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში ახალი სარკინიგზო მონაკვეთი თურქეთის აზიურ მხარეს მდებარე ჩაიროვასა და ქვეყნის ევროპულ ნაწილში მდებარე ჩატალჯას დააკავშირებს. ხაზი ბოსფორის სრუტეს იავუზ სულთან სელიმის ხიდის გავლით გადაკვეთს. ორლიანდაგიანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სრულად ელექტრიფიცირებული იქნება და თანამედროვე სასიგნალო სისტემით აღიჭურვება. მისი გამოყენება როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მატარებლებისთვის იქნება შესაძლებელი.

ფონდის ინფორმაციით, ახალი ხაზის ამოქმედების შემდეგ ბოსფორის სრუტეზე სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წლიური გამტარუნარიანობა 50 მლნ ტონამდე გაიზრდება.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სტამბოლის ცენტრში სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებაა. ახალი მარშრუტი ქალაქის გადატვირთულ მონაკვეთებს გვერდს აუვლის და სტამბოლისა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამასთან, ორივე აეროპორტი ეროვნულ სარკინიგზო ქსელში ინტეგრირდება.

პროექტის მნიშვნელობა შუა დერეფნისთვის

დაფინანსება აზიასა და ევროპას შორის სახმელეთო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ემსახურება. შუა დერეფანი ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს და საერთაშორისო ვაჭრობის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება.

Trend-ის შეფასებით, OPEC Fund-ის მიერ გამოყოფილი თანხა ფონდის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული დაფინანსებაა და სტამბოლზე გამავალი საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საჭიროებას პასუხობს.

ელექტრიფიცირებული რკინიგზის განვითარება ასევე მიზნად ისახავს საავტომობილო გზებიდან ტვირთის ნაწილის სარკინიგზო ტრანსპორტზე გადატანას. ამან, მოსალოდნელია, შეამციროს სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედება და თურქეთის, როგორც ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ლოგისტიკური ცენტრის, როლი გააძლიეროს.

თურქეთი ზანგეზურის დერეფნის სარკინიგზო მონაკვეთსაც აშენებს

შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად თურქეთი ზანგეზურის დერეფნის პროექტთან დაკავშირებულ სარკინიგზო ხაზზეც მუშაობს. პროექტი ყარსიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე ახალი სარკინიგზო კავშირის მოწყობას ითვალისწინებს.

224-კილომეტრიანი ხაზი დიგორის, თუზლუჯის, იგდირისა და არალიკის გავლით დილუჯუს სასაზღვრო გადასასვლელამდე მივა. მშენებლობა 2025 წლის აგვისტოში დაიწყო. ამჟამად პროექტის ფარგლებში თუზლუჯში ხიდისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს, ყარსისა და იგდირის მონაკვეთებზე კი გვირაბები, ვიადუკები და სხვა სარკინიგზო ნაგებობები შენდება. პროექტის მიხედვით, მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ იქნება.

ზანგეზურის დერეფანი რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად განიხილება. მისი განვითარება, თურქეთში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან ერთად, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს შორის სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე გავლენას მოახდენს.

ტვირთების მიწოდების ვადები შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მომდევნო დაახლოებით 15 წლის განმავლობაში შუა დერეფნით აზიიდან ევროპაში ტვირთის მიწოდების დრო შესაძლოა, არსებული საშუალო 47–50 დღიდან 18–19 დღემდე შემცირდეს.

ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობა, არამედ არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, სასაზღვრო პროცედურების გამარტივება და დერეფანში ჩართული ქვეყნების სატრანსპორტო ქსელების უკეთესი კოორდინაციაც.