2026 წლის ზაფხულში ევროპული ქალაქების მასშტაბით ანომალიურმა სიცხემ 50 391 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რაც 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 71%-ით აღემატება. ამის შესახებ Financial Times ჟურნალ Nature Health-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
მკვლევრებმა ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში მდებარე 854 ქალაქი შეისწავლეს. მათი შეფასებით, გარდაცვალების 32 619 შემთხვევა ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას უკავშირდებოდა.
ყველაზე მეტი მსხვერპლი იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში დაფიქსირდა. განსაკუთრებით მძიმე იყო 17 ივნისიდან 1 ივლისამდე პერიოდი, რომელზეც სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევების მესამედი მოდიოდა.
მეცნიერების განმარტებით, მაღალი ტემპერატურა ორგანიზმზე ძლიერ დატვირთვას იწვევს და ზრდის ინფარქტის, ინსულტისა და სუნთქვის პრობლემების რისკს. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები წარმოადგენენ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კვლევა სრულ სურათს ვერ ასახავს — მასში არ არის გათვალისწინებული მაისის სიცხე და სოფლის მოსახლეობა, ამიტომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.