Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის მესამე კვარტალში სასტუმროების ძირითადი მაჩვენებლები (KPI-ები) გაუმჯობესდა, რითაც გაგრძელდა ივნისში დაწყებული აღდგენის ტენდენცია.

„თბილისში საშუალო დატვირთულობა 2025 წლის მესამე კვარტალში არსებული 75%-დან 79%-მდე გაიზარდა, ხოლო საშუალო დღიური ტარიფი (ADR) 87 აშშ დოლარიდან 94 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ბათუმში დატვირთულობა 2025 წლის მესამე კვარტალში არსებული 82%-დან 84%-მდე გაიზარდა, ხოლო საშუალო დღიური ტარიფი (ADR) 119 აშშ დოლარიდან 135 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამებაში.

2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ). ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

„ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს“, - წერია მიმოხილვაში.