ქართული რესტორნების ქსელი „წისქვილი“ გერმანიის დედაქალაქში გაფართოებას გეგმავს. კომპანია ბერლინში ახალი რესტორნის გახსნისთვის ემზადება, რაც მისი საქმიანობის საერთაშორისო ბაზარზე გაფართოების ნაწილია.

„წისქვილის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ობიექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით რესტორნის მენეჯერისა და შეფ-მზარეულის პოზიციებზე ვაკანსიები გამოცხადდა.

„წისქვილი“ საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი სარესტორნო ბრენდია, რომლის კონცეფციაც ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს, სტუმარმასპინძლობის კულტურასა და ეთნოგრაფიულ გარემოს აერთიანებს.

კომპანია 2002 წელს თბილისში დაარსდა. პირველი რესტორანი აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა, მოგვიანებით კი ქსელი გაფართოვდა და რამდენიმე განსხვავებული კონცეფციის სარესტორნო სივრცე გააერთიანა. მათ შორისაა „ეთნო წისქვილი“, „წისქვილი ტერასა“, „ღვინის ეზო“ და „ლუდის მოედანი“.

ბერლინში ახალი რესტორნის გახსნა ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენისა და ბრენდის გეოგრაფიული გაფართოების კიდევ ერთი ნაბიჯია.