საერთაშორისო ბაზრებზე ძვირფასი მეტალების ფასები მკვეთრად შემცირდა. Reuters-ის ინფორმაციით, პარასკევს ოქროს ღირებულებამ ბოლო ერთი წლის მინიმუმს მიაღწია, ვერცხლის ფასი კი უნციაზე 50 დოლარს ჩამოსცდა. ფასების ვარდნამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ოქროსა და ვერცხლის უმსხვილეს მომპოვებელ კომპანიებს, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციაც ათეულობით მილიარდი დოლარით შემცირდა.

Reuters-ის ანალიზის მიხედვით, ბაზარზე ნეგატიური დინამიკა რამდენიმე გლობალურმა ფაქტორმა განაპირობა. მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ნავთობის გაძვირება და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი.

ირანის გარშემო დაძაბულობამ და ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე შესაძლო თავდასხმების რისკმა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაზარდა. ენერგომატარებლების გაძვირებამ კი ინფლაციური წნეხი გააძლიერა და გაზარდა მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დეკემბერში შესაძლოა საპროცენტო განაკვეთი კვლავ გაზარდოს. ტრეიდერები ასეთი გადაწყვეტილების ალბათობას 70%-ზე მეტად აფასებენ.

გამოცემის განმარტებით, საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინი და დოლარის გამყარება ოქროს საინვესტიციო მიმზიდველობას ამცირებს, რადგან ძვირფასი მეტალი საპროცენტო შემოსავალს არ გამოიმუშავებს.

ბაზარზე დამატებითი ზეწოლა ტექნოლოგიური სექტორის აქციების გაუფასურებამაც გამოიწვია. ტექნოლოგიური გიგანტების კვარტალურმა შედეგებმა ინვესტორების მოლოდინები ვერ გაამართლა, რამაც ხელოვნური ინტელექტის სექტორთან დაკავშირებული აქტივებიდან კაპიტალის გადინებას შეუწყო ხელი. მარჟინალური პოზიციებიდან მიღებული დანაკარგების დასაფარად ინვესტორების ნაწილმა ძვირფასი მეტალების აქტივები გაყიდა და თანხები აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში გადაიტანა.

მეტალების ფასების შემცირებამ განსაკუთრებით მძიმე გავლენა იქონია მომპოვებელ კომპანიებზე. Reuters-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ამერიკის ხუთმა უმსხვილესმა ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ – Newmont-მა, Agnico Eagle Mines-მა, Barrick Mining-მა, Wheaton Precious Metals-მა და Franco-Nevada-მ – პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ჯამურად დაახლოებით 140 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.

მსოფლიოში უმსხვილესი ოქროს მომპოვებლის, Newmont-ის აქციები 5%-ით გაუფასურდა, კომპანიის საბაზრო ღირებულება კი 110 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც 52-კვირიან მაქსიმუმზე დაახლოებით 20%-ით ნაკლებია. ოქტომბერში Kinross Gold-ის საბაზრო ღირებულებაც 17%-ით დაეცა და 23 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც მისი პიკური მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია.

ყველაზე დიდი ზარალი ვერცხლის მწარმოებლებს მიადგათ. Hecla Mining-ის აქციების ფასი პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 60%-ით არის შემცირებული, Coeur Mining-ის საბაზრო ღირებულება კი 53%-ით დაეცა.

ამასთან, ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, აზიის უმსხვილეს ბაზრებზე, მათ შორის ინდოეთსა და ჩინეთში, ფიზიკურ ოქროზე მოთხოვნა ჯერჯერობით სუსტია. მყიდველები აქტივის შეძენას თავს იკავებენ და ფასების შემდგომ შემცირებას ელოდებიან.