გლობალური ენერგეტიკული ბაზრები 2027 წელსაც ვერ შეძლებს ირანის ომის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობასთან დაბრუნებას. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა სინგაპურის ენერგეტიკის საერთაშორისო კვირეულზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ და ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებამ ნავთობის, ბუნებრივი აირისა და საწვავის მიწოდება მნიშვნელოვნად შეამცირა. ბიროლის თქმით, შექმნილი დეფიციტის აღმოფხვრას დიდი დრო დასჭირდება და არ არსებობს სარწმუნო საფუძველი იმის მოლოდინისთვის, რომ ბაზარი მომავალი წლისთვის ომამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.
განსაკუთრებით რთულ ვითარებაში შესაძლოა ევროპა აღმოჩნდეს. IEA-ს ხელმძღვანელის პროგნოზით, რუსული გაზის იმპორტის შემცირების ფონზე, ევროპულ ქვეყნებს წელს მძიმე ზამთარი ელით. ენერგეტიკულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს ირანის ომის გავლენა კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გაზის ექსპორტზე, რის გამოც ბაზარზე მიწოდება დამატებითი წნეხის ქვეშ მოექცა.
ბიროლის შეფასებით, ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბუნებრივი აირის მკვეთრად გაზრდილი ფასიც იქნება. მისი თქმით, გაზის ღირებულება 250%-ით არის მომატებული, რაც ზამთრის პერიოდში ევროპულ ქვეყნებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის.
ომის დაწყების შემდეგ, წარმოდგენილი მონაცემებით, ნავთობი 90%-ით, საწვავი 100%-ზე მეტით, ხოლო ბუნებრივი აირი 250%-ით გაძვირდა. შედეგად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავლენა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე 2022 წლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ენერგეტიკულ კრიზისს ქმნის.