„აზერბაიჯანის რკინიგზა“ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე რეისების რაოდენობას ზრდის და მგზავრობის საფასურს ამცირებს. კომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები მგზავრთნაკადის ზრდას უკავშირდება და დამატებითი რეისები მგზავრებს დღის საათებშიც გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

კერძოდ, ხვალიდან მარშრუტზე ყოველდღიურად ოთხი რეისი შესრულდება. შედეგად, მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც დაახლოებით 46%-იანი მატებაა.

ამასთან, დამატებით რეისებზე დაბალბიუჯეტიანი ტარიფები ამოქმედდება. სტანდარტული კლასის ბილეთების მინიმალური ღირებულება 36 მანათიდან დაიწყება. ერთმხრივი მგზავრობისთვის განახლებული მინიმალური ფასები შემდეგნაირია:

• ბაქო – თბილისი: 54 მანათი;

•  ევლახი – თბილისი: 44 მანათი;

• განჯა – თბილისი: 41 მანათი;

•აღსტაფა – თბილისი: 38 მანათი;

•ბოიუქ კესიკი – თბილისი: 36 მანათი.

შედარებისთვის, ამჟამად Stadler-ის ტიპის მატარებლის კომფორტ-კლასით ბაქოდან თბილისამდე მგზავრობა მინიმუმ 77.5 მანათი, ხოლო განჯიდან – 56.8 მანათი ღირს.

ცვლილებები მგზავრობის განრიგსაც შეეხება. არსებული ღამის რეისების პარალელურად, დაემატება დღის რეისები.

განახლებული განრიგის მიხედვით:

  • ბაქო – თბილისი: ღამის მატარებელი ბაქოდან 23:10 საათზე გავა და თბილისში მომდევნო დღეს 08:41 საათზე ჩავა. ახალი დღის რეისი კი 09:10 საათზე შესრულდება, თბილისში ჩასვლის დრო 19:11 საათია.

  • თბილისი – ბაქო: ღამის რეისი თბილისიდან 11:00 საათზე გავა და ბაქოში 20:26 საათზე ჩავა. ახალი რეისი 22:00 საათზე შესრულდება და დანიშნულების ადგილს მომდევნო დილის 07:57 საათზე მიაღწევს.

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ განმარტებით, დამატებითი რეისების დანიშვნა მხარეებს შორის ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოების, ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების შეთანხმების შემდეგ გახდა შესაძლებელი.