აშშ-ის შალედურ არჩევნებამდე 3 დღე რჩება და მის შედეგებს, სავარაუდოდ, გლობალური მასშტაბით ექნებათ გავლენა. წინასაარჩევნო გამოკითხვები და ანალიტიკოსთა პროგნოზები იმაზე მიუთითებს, რომ რესპუბლიკელებმა, შესაძლოა, დაკარგო კონტროლი სენატსა და კონგრესზე. ეს კი პირდაპირ აისახება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე და ირიბად შესაძლოა საქართველოზეც მოახდინოს გავლენა.
3 ნოემბერს ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435 წევრსა და სენატის 35 სენატორს აირჩევენ. ეს კამპანია აღიქმება, როგორც თეთრი სახლის მიმდინარე ადმინისტრაციის პოლიტიკისთვის საკვანძო ტესტი.
გამოკითხვის ბოლო მონაცემებით, დემოკრატიულ პარტიას 52%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო რესპუბლიკელებს - 44%. განსაკუთრებით თვალსაჩინოა დემოკრატების ლიდერობა დამოუკიდებელ ამომრჩეველთა შორის, 52% 39%-ის წინააღმდეგ.
„ქვეყნის მასშტაბით, სავარაუდო ამომრჩეველთა უმეტესობა აცხადებს, რომ კონგრესის არჩევნებში, საკუთარ ოლქში, რესპუბლიკელის ნაცვლად, სავარაუდოდ, დემოკრატ კანდიდატს მისცემს ხმას; შედეგად, კონგრესის არჩევნებთან დაკავშირებულ ზოგად გამოკითხვაში დემოკრატები 8-პუნქტიანი უპირატესობით ლიდერობენ. ვინაიდან საარჩევნო სივრცეში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ უარყოფითი განწყობები ჭარბობს, სავარაუდო ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნავს, რომ კონგრესის არჩევნებში მათი ხმა პრეზიდენტის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატულებაა", - ვკითხულობთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის, „მარისტ პულის" ოფიციალურ ვებგვერდზე.
შუალედური არჩევნების წინ დემოკრატების ლიდერობას ადასტურებს „სი-ენ-ენიც", რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 52% დემოკრატებს, ხოლო 43% რესპუბლიკელებს უჭერს მხარს.
წინასაარჩევნო ანალიტიკური მოდელები დემოკრატიულ პარტიას წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. სენატში ძალთა ბალანსის ცვლილების ალბათობა კი 62%-ით განისაზღვრება.
2026 წლის აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური სკანდალითა და დეზინფორმაციული დაპირისპირებით გამოირჩევა, რამაც საკვანძო შტატებში ძალთა ბალანსზეც იმოქმედა. ერთ-ერთი მთავარი თემა ამომრჩეველთა მზარდი უკმაყოფილება და კორუფციული სკანდალებია. საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა ინსაიდერულ ვაჭრობასა და საკონგრესო აქტივების მართვას, რის გამოც ორივე პარტიის წარმომადგენლებს ფინანსური ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ. ამავდროულად, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ირგვლივ არსებულმა ეჭვებმა, კერძოდ, რესპუბლიკური ადმინისტრაციის მიერ ტარიფების დაწესებისა და საგარეო-ეკონომიკური გარიგებების ირგვლივ აგორებულმა ბრალდებებმა, დემოკრატებს საშუალება მისცა, კორუფცია წინასაარჩევნო კამპანიის ცენტრალურ თემად ექციათ.
- ვახტანგ ძაბირაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში გრემის „მეგობარი აქტი" გაცოცხლდეს, მაგრამ ძირითადი და წამყვანი ეს თემა არ იქნება და ვერ იქნება, ობიექტურად თუ შევხედავთ არსებულ სიტუაციას."
„ამერიკელთა უკმაყოფილება კორუფციის გამო მასშტაბური და ერთსულოვანია, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლიტიკური პოლარიზაციისა და დაპირისპირების გაზრდის ფონზე. ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით კორუფციას წინასაარჩევნო დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად მიიჩნევენ.
„ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით, შუა დასავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის რეგიონებში ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი პოლიტიკასა და სახელმწიფო მმართველობაში არსებულ კორუფციას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს. ეს განწყობა საერთოა როგორც ქალაქის (89%), ისე გარეუბნების (93%) და სოფლად მცხოვრები (94%) მოსახლეობისთვის", - ვკითხულობთ ბრენანის მართლმსაჯულების ცენტრის ანალიტიკურ პუბლიკაციაში.
ახალი ბალანსი ვაშინგტონში - მოლოდინები 3 ნოემბრის შემდეგ
თუკი პროგნოზები გამართლდა და კონგრესზე კონტროლი დემოკრატების ხელში გადავიდა, ეს ვაშინგტონის საკანონმდებლო დღის წესრიგს არსებითად შეცვლის. ექსპერტების შეფასებით, საკონგრესო კომიტეტების სათავეში ახალი თავმჯდომარეების მოსვლა მნიშვნელოვნად გაააქტიურებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მუშაობას და შექმნის პირობებს იმ შეჩერებული საკანონმდებლო აქტების სწრაფი განხილვისთვის, რომლებიც წინა შემადგენლობაში ხმების ნაკლებობის გამო ჩავარდა.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, დემოკრატების შანსები უფრო მაღალია და ეს ტრამპის საგარეო პოლიტიკის დამსახურებაა.
„მგონია, რომ დემოკრატებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ, რომ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვონ, ვიდრე რესპუბლიკელებს. ვფიქრობ, ეს ტრამპის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგი იქნება და არა სხვა რაიმე ფაქტორი. ამასთანავე, თუ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს უმრავლესობები, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო შედის მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში და პრაქტიკულად უპროგნოზო ხდება ხვალინდელი და ზეგინდელი პოლიტიკური სიტუაციის შეფასებაცა და გადაფასებაც", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსის შეფასებით, ვაშინგტონის მხრიდან თბილისის მიმართ უშუალო და პირდაპირი ინტერესის მკვეთრ გააქტიურებას არჩევნების შემდეგაც არ უნდა ველოდოთ, რადგან შეერთებულ შტატებსა და პირადად პრეზიდენტს ამ ეტაპზე გაცილებით მასშტაბური გამოწვევები აქვთ მოსაგვარებელი:
„დღეს შეერთებულ შტატებს და, მით უმეტეს, ტრამპს, არ მგონია ჩვენთვის ეცალოს. მას უფრო დიდი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. პირველ რიგში, თუ რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაკარგეს, მაშინ სერიოზული გასაჭირი დაუდგებათ რესპუბლიკელებსაც და ტრამპსაც. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ შემთხვევაში სერიოზულად წამოიწიოს იმპიჩმენტის თემამ ტრამპის წინააღმდეგ."
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ცვლილებები შესაძლოა მხოლოდ „მეორადი ტალღის" სახით ვიხილოთ - იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ გადაწყდება ირანისა და უკრაინის გარშემო არსებული გლობალური კრიზისები. სწორედ ამ დიდ საგარეო-პოლიტიკურ კვანძებზე იქნება დამოკიდებული, დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოს მიმართულების გააქტიურება.
„დღეს ამერიკას, მიუხედავად იმისა, როგორ გადანაწილდება ურთიერთობები, საქართველოსთვის ნაკლებად სცალია, რადგან დგას ორი უაღრესად დიდი პრობლემა - უკრაინის და ირანის. ამიტომ ბალანსის შეცვლა თუ მოხდა, პირველ რიგში, ალბათ, დაიწყება ამ საკითხებისადმი დამოკიდებულებების გამჟღავნება", - აცხადებს ძაბირაძე.
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების პერსპექტივებზე მსჯელობისას, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ „მეგობარი აქტის" გაცოცხლება მოსალოდნელია:
„მეგობარ აქტთან" დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ გრემის პროექტის ფაქტობრივად ანულირება გამოაცხადა ტრამპმა, როდესაც დიზელის საწვავი შეისყიდა, რამაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია დემოკრატებში. ამიტომაც ეს პრობლემებია ძირითადი. ამ შემთხვევაში, ალბათ, თუ უმრავლესობა შეიცვლება, უფრო ამ მიმართულებით წავა ამერიკაში პოლიტიკა, რომ ტრამპის იმპიჩმენტს მიაღწიონ. მაგრამ ეს იქნება მეორადი ეფექტი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში გრემის „მეგობარი აქტი" გაცოცხლდეს, მაგრამ ძირითადი და წამყვანი ეს თემა არ იქნება და ვერ იქნება, ობიექტურად თუ შევხედავთ არსებულ სიტუაციას."
შეგახსენებთ, რომ „მეგობარი აქტი" აშშ-ის კონგრესში მომზადებული ორპარტიული ინიციატივაა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ორმაგ მიდგომას ითვალისწინებს. ერთი მხრივ, აქტი განსაზღვრავს ამერიკულ მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას დემოკრატიული უკუსვლის გამოსწორების შემთხვევაში.
მეორე მხრივ, დოკუმენტი მოიცავს მკაცრ სადამსჯელო მექანიზმებს, კერძოდ, პერსონალურ სანქციებს, ფინანსურ შეზღუდვებსა და სავიზო აკრძალვებს „ქართული ოცნების" იმ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პროცესების შერყევასა თუ ადამიანის უფლებების დარღვევაზე.