ევროკავშირში 1-ელი ნოემბრიდან არაწევრი ქვეყნებიდან შემოსულ ყველა ამანათზე 2 ევროს ოდენობის დამუშავების მოსაკრებელი ამოქმედდება. ახალი წესი ამანათის ღირებულების მიუხედავად გავრცელდება და საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას ემსახურება.
ახალი მოსაკრებელი ივლისში შემოღებულ 3-ევროიან საბაჟო გადასახადს დაემატება, რომელიც 150 ევრომდე ღირებულების მცირე ამანათებზე ვრცელდება. აღნიშნული ბაჟი დროებითია და 2028 წლამდე იმოქმედებს, ვიდრე ევროკავშირი საბაჟო ინფორმაციულ სისტემას სრულად დანერგავს.
გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშირის ბაზარზე იაფი იმპორტის, განსაკუთრებით კი ჩინური ონლაინპლატფორმებიდან — Temu-დან, Shein-იდან და AliExpress-იდან — შემოსული ამანათების რაოდენობის მკვეთრი ზრდაა.
ევროკავშირის წარმომადგენლის განმარტებით, საბაჟო ბაჟის მიზანი ბაზარზე თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნაა, ახალი მოსაკრებელი კი ელექტრონული კომერციის ზრდით გამოწვეული საბაჟო ადმინისტრირების ხარჯების დაფარვას ემსახურება.
მოსაკრებლის გადახდა ონლაინპლატფორმებს, გამყიდველებს ან გადამზიდავებს დაეკისრებათ. თანხის ამოღებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა უზრუნველყოფს. შეგროვებული თანხის 75% ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხება, დარჩენილი 25% კი წევრ სახელმწიფოებს დარჩებათ.
ევროკომისიის მონაცემებით, ივლისში 3-ევროიანი ბაჟის ამოქმედების შემდეგ, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში ევროკავშირში შემოსული მცირე ამანათების რაოდენობა 60%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბლოკის ბაზარზე ყოველდღიურად კვლავ დაახლოებით 5 მილიონი ამანათი შედის.