სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკის კომპანია „ბიოლის“ დამფუძნებელი ეხმაურება. თამაზ მჭედლიძის  განცხადებით, ბიზნესის საქმიანობა არა მხოლოდ უცხოელი ვიზიტორების მოზიდვას, არამედ ადგილობრივი ეკონომიკისთვის შემოსავლის შექმნასაც ემსახურება. როგორც ის განმარტავს, „ბიოლის“ სტუმრების ნახევარი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო კომპანიაში ჩადებული ინვესტიციიდან მას 20 წლის განმავლობაში მოგება არ მიუღია. დამფუძნებელი კრიტიკოსებს კომპანიის საჯარო ფინანსური ანგარიშგების გაცნობისკენ მოუწოდებს.

"კომერსანტი" მჭედლიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ჩემმა ბოლო პოსტებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

თურმე მხოლოდ უცხოელებზე და საკუთარ გამდიდრებაზე ვზრუნავ და ლამის ქართველების სიღარიბეშიც მე ვარ დამნაშავე.

მე კი ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანაში შევქმენი ადგილი, რომლის გამოც შეძლებულ უცხოელებს, რომელთათვისაც მთელი მსოფლიო ხელმისაწვდომია, სწორედ საქართველოში ჩამოსვლა უნდათ.

ისინი აქ ტოვებენ ფულს, რომლითაც ხელფასები გაიცემა, პროდუქტებისა და მომსახურების საფასური იფარება და ბიუჯეტი ივსება. ეს თანხები მთელი ამ სილამაზის შენარჩუნებასაც ხმარდება. ტყის, ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის მოვლას, ყოველდღიურ შრომას.

კიდევ ერთი მითი: „ქართველებისთვის ეს ხელმიუწვდომელია. ამხელა ფულს ვინ გადაიხდის?“

მითების შემქმნელებო, იმედი უნდა გაგიცრუოთ: ბიოლის სტუმრების ნახევარი ქართველებია. დიახ, ამას საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური ფასდაკლებებიც უწყობს ხელს. მაგრამ მაინც — ნახევარი.

თუ მასწავლით, როგორ ვიტაქსაო Rolls-Royce-ით ჩვეულებრივი ტაქსის ტარიფით და არ გავკოტრდე — კი ბატონო! ნობელის პრემია ეკონომიკაში გარანტირებულია!

და ნუღარ ფანტაზირებთ, თითქოს აქ ფულს ნიჩბით ვხვეტავ. 20 წელია, ბიოლიში მხოლოდ ფულს ვდებ და დღემდე მოგების სახით ერთი თეთრიც არ მიმიღია.

ამავე დროს, ჩემს მიერ შექმნილი ბიზნესი უკვე წლებია სხვებს შემოსავალს აძლევს, ხელფასებსა და გადასახადებს იხდის.

არ გჯერათ? კლავიატურა გამოიყენეთ: კომპანიის ფინანსური ანგარიშგება საჯაროდ ხელმისაწვდომია. ჩემს გამდიდრებაზე ჭორაობის მაგივრად ციფრებს გაეცანით!

P. S. მეწარმეებსა და მათ გუნდებს მივმართავ: თუ ჩვენ არ გამოვალთ კომფორტის ზონიდან და საჯაროდ არ ავხსნით ასეთ საკითხებს, მითების ბურუსში ცხოვრებას გავაგრძელებთ. 
 არ უნდა ვითმინოთ ჩუმად შეურაცხყოფა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც კლავიატურაზე კაკუნი კი ისწავლეს, მაგრამ ელემენტარული მიზეზშედეგობრივი კავშირების გარტყმაშიც კი არ არიან",- წერს თამაზ მჭედლიძე.