ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი BYD ევროპულ სპორტულ ინდუსტრიაში ექსპანსიას განაგრძობს. „მანჩესტერ სიტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, ავტოგიგანტმა პარტნიორთა სიას კიდევ ერთი გრანდი – ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ დაამატა. ახალი კონტრაქტის თანახმად, კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში პარიზული კლუბის ექსკლუზიური საავტომობილო პარტნიორი იქნება.
სპონსორობის ფარგლებში, პსჟ-ის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, BYD-ისა და მისი პრემიუმ-სუბბრენდის, Denza-ს მოდელებით ისარგებლებენ. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ჩინური ბრენდის ელექტრომობილების საჭესთან ისეთ ვარსკვლავებს ვიხილავთ, როგორებიც არიან დემბელე, დუე, ფაბიან რუისი და ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო – ხვიჩა კვარაცხელია.
კონკრეტულად რომელი ავტომობილები გადაეცემათ მოქმედ ჩემპიონებს, ახალი სეზონის სტარტზე გაირკვევა, თუმცა BYD-ის ევროპული ასორტიმენტიდან გამომდინარე, შერჩევა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. ფეხბურთელებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ ისეთ მოდელებს შორის, როგორებიცაა კომპაქტური Dolphin და მისი plug-in ჰიბრიდული ვერსია Dolphin Surf, Atto 2, Atto 3, საშუალო ზომის სედანები Seal და Seal 6, ასევე ქროსოვერები და SUV-ები: Seal U, Sealion 5, Sealion 7 და Tang.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრემიუმ მიმართულებას – Denza-ს, რომელიც ამ კოლაბორაციაში ცენტრალურ როლს შეასრულებს. ბრენდმა ევროპაში სულ ახლახან წარადგინა მდიდრული ელექტრო სპორტბექი Z9GT, რომელიც 1 000-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ხაზში ხელმისაწვდომია კიდევ უფრო მძლავრი მოდელი Z (1 600 ცხ.ძ.), უგზოობისთვის განკუთვნილი BAO 5 და ლუქს-კლასის მინივენი D9.
საერთაშორისო გარიგებას გამოეხმაურა BYD-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, სტელა ლი. მისი განცხადებით, „პარი სენ-ჟერმენი“ გლობალურ ფეხბურთში წარმატების, მაღალი ამბიციებისა და ინოვაციურობის ეტალონია, რაც სრულად თანხვედრაშია თავად ჩინური ავტომწარმოებლის ფილოსოფიასა და გრძელვადიან ხედვასთან.
