მარანი "მილორაულის" დამფუძნებლის, თამარ მილორავას ინფორმაციით, თელავში მომხდარ სტიქიას ტურისტული ობიექტი არ დაუზიანებია, თუმცა მიმდინარე პერიოდში სეტყვამ მარნის ვენახები დააზიანა.
როგორც სფეროს წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ამ ეტაპზე ზარალის ზუსტი მოცულობის შეფასება მიმდინარეობს. მისივე თქმით, კომპანიას ვენახები დაზღვეული აქვს, რაც მსგავსი რისკების მართვისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
"ზაფხული ძალიან არასტაბილურია. ხშირად იცვლება ამინდი და ეს ყველაფერი კახეთში, ვენახების მდგომარეობაზე, ცხადია, გავლენას ახდენს. უშუალოდ სტიქიას რაც შეეხება, ჩვენი მარანი თელავში უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ მდებარეობს, ამიტომ სტიქია არ შეგვეხო. მსგავსი წვიმები და კლიმატური ცვლილებები, ძალიან საშიშია - პრობლემას ყველა მევენახეს უქმნის. მიმდინარე პერიოდში ერთხელ ჩვენი ვენახიც დაისეტყვა, თუმცა დაზღვევა გვაქვს. ზოგად ჭრილში, ვენახის დაზღვევა აუცილებელია, სახელმწიფოც შემოდის ზარალის ანაზღაურების წილში. წლის განმავლობაში ჩვენი ზარალი ანაზღაურდება, ზუსტად რა თანხაზეა საუბარი ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა დაზღვევა ყველას უნდა ჰქონდეს", - აღნიშნავს თამარ მილორავა.
ამასთან, საქართველოში ქონების დაზღვევის ტენდენციებზე "ბიზნესპარტნიორს" დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან აცნობეს, რომ დაზღვევის მიმართულებით პენეტრაცია ჯერ კიდევ დაბალია. რის გამოც, მიუხედავად თელავში სტიქიის მასშტაბისა, სადაზღვევო კომპანიებში ზარალის შესახებ შეტყობინებების დიდი რაოდენობა არ შესულა.
ცნობისთვის, მარანი "მილორაული" თელავში მდებარეობს, ხოლო ობიექტის ვენახები ახმეტის მიკროზონაშია გაშენებული, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 7,5 ჰექტარია.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად 12 ივლისს მდინარე თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დატბორა. სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო და კომერციული ობიექტი.