სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ქსელი Subway სომხეთის ბაზარზე შესვლას და ქვეყანაში 60-ზე მეტი ობიექტის გახსნას განიხილავს. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საკითხი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანს, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ აზიის რეგიონში Subway-ს რეგიონულ გენერალურ დირექტორ ეფე ჩელიკსა და სომეხ ინვესტორ ლევონ ჰაირაპეტიანს შორის შეხვედრაზე განიხილეს.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული რესტორნის გახსნაზე საინვესტიციო დანახარჯი შესაძლოა $150 ათასიდან $300 ათასამდე იყოს.

Subway-ს წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სომხეთში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საერთაშორისო ფრანჩაიზინგის განვითარებას, ადგილობრივი მომწოდებლების ჩართულობასა და საზოგადოებრივი კვების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ცნობისთვის: Subway ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორნების საერთაშორისო ქსელია, რომელიც 1965 წელს კონექტიკუტის შტატში დაარსდა. მისი მენიუ ძირითადად სენდვიჩებს, როლებსა და სალათებს მოიცავს. ქსელის ობიექტების უმეტესობა ფრანჩაიზინგის მოდელით მუშაობს.

მსოფლიო მასშტაბით Subway-ს 35 ათასზე მეტი რესტორანი აქვს, რომლებსაც დამოუკიდებელი ფრანჩაიზები მართავენ. 2024 წლიდან კომპანია ამერიკული საინვესტიციო კომპანია Roark Capital-ის მფლობელობაშია.