საქართველოში მულტიფუნქციური სივრცეების ბაზარი იზრდება. როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონების მიმართულებით, ყოველწლიურად ახალი ობიექტები იწყებს ოპერირებას, რომლებიც მომხმარებელს ერთ სივრცეში, განთავსებისა და განტვირთვის გარდა, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და გამართვის შესაძლებლობას აძლევს.
ცოტა ხნის წინ, ამ ინდუსტრიას Golden Lagoon-ც შემოუერთდა - ახალი მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც თბილისიდან 15 წუთის სავალზე, წეროვანში გაიხსნა.
როგორც საქართველოს რადიოს პირდაპირ ეთერში, „ბიზნესპარტნიორის“ რუბრიკის ფარგლებში, Golden Lagoon-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და event მენეჯერმა ლელა ციხისელმა განაცხადა, ობიექტი 40 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და როგორც საბანკეტო და საქორწილო დარბაზს, ისე საბავშვო გასართობ სივრცეებს, ოლიმპიურ აუზს, საბავშვო აუზებს, კაფეებს, წყლის ქვეშ ბარსა და განთავსების ობიექტებს მოიცავს.
„კერძოდ, ჩვენს ტერიტორიაზე 12 კოტეჯია მოწყობილი, მომავალი წლისთვის კი ვგეგმავთ, ადგილზე მაღალი კლასის სასტუმრო გავხსნათ“, - აღნიშნა ლელა ციხისელმა.
მისივე განმარტებით, Golden Lagoon მხოლოდ 2 თვეა გაიხსნა და უკვე მაღალი დატვირთვით მუშაობს. მომხმარებლებს შორის კი როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები არიან.
„ამჟამად, ყველაზე მოთხოვნადი, სეზონიდან გამომდინარე, ჩვენი აუზებია. აღსანიშნავია, რომ უფროსების აუზი არის ოლიმპიური და ნებისმიერი შეჯიბრების მასპინძლობა შეგვიძლია. ამასთან, მაღალი დატვირთვით მუშაობს ჩვენი საქორწინო დარბაზი, რომელიც 500 სტუმარს იტევს“, - განმარტა Golden Lagoon-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და event მენეჯერმა.
მან მსგავსი სივრცეების მოწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ტიპის ობიექტების გახსნა დედაქალაქის გარეთ, რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის, მათ შორის დასაქმების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, Golden Lagoon 70-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა სხვადასხვა ღონისძიების მიხედვით, დასაქმებულების რიცხვი იზრდება.